ნიკა მელია: საათის ნაცვლად ელექტრონულ სამაჯურს გავიკეთებ, ეს არის ბრძოლა, სადაც იმარჯვებს ძლიერი

“ელექტრონულ სამაჯურს საათის ნაცვლად გავიკეთებ”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა.
ნიკა მელიას თქმით, ხელისუფლება ცდილობს, რომ მას პოლიტიკური საქმიანობა შეეზღუდოს.
„ბიძინა ივანიშვილმა იმ ღამეს გადაიფიქრა ჩემი დაპატიმრება. „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესწავლას ვერავინ შეძლებს დუნიაზე. ჩვენი საჩივარი რომ არ დაკმაყოფილდა, ეს არის პირდაპირი წინააღმდეგობა კონსტიტუციასთან. ახლა დამიმატეს, რომ სამაჯური უნდა გავიკეთო, ელექტრონული მონიტორინგი გულისხმობს ელექტრონულ სამაჯურს. გადმომცემენ სარეზოლუციო ნაწილს და უკეთ ვნახავ. ეს არის წინააღმდეგობაში მოსვლა კონსტიტუციასთან. მე პარლამენტის ისეთივე წევრი ვარ, როგორც – დანარჩენი 150. პარლამენტის წევრს ეუბნებიან, რომ იჯექი სახლში, არ გამოხვიდეო. გავიკეთებ, კი ბატონო, თქვენც ხომ გიკეთიათ საათი, საათის ნაცვლად გავიკეთებ ელექტრონულ სამაჯურს. ეს არის ბრძოლა, სადაც იმარჯვებს ძლიერი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ნიკა მელიას ადვოკატის საჩივარი, რომლითაც დაცვის მხარე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას ითხოვდა და დამატებითი კონტროლისთვის ნიკა მელიას ელექტრონული მონიტორინგი დაუწესა, რომელიც ელექტრონულ სამაჯურს გულისხმობს.
ასევე, არ დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის საჩივარი, რომლითაც პროკურატურა ნიკა მელიასთვის პატიმრობას ითხოვდა.
სასამართლო სხდომაზე პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განმარტა, რომ ნიკა მელიას აქვს შესაძლებლობა, გავლენა მოახდინოს პოტენციურ მოწმეებზე, რომლებიც 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდნენ და ფლობენ ინფორმაციას ნიკა მელიას მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე.
„გასათვალისწინებულია, რომ ბრალდებულს ბრალი ედება მასზედ, რომ შეეძლო, დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართალდამცველებზე ძალადობრივ თავდასხმაში, რაც მიუთითებს, რომ მას აქვს შესაძლებლობა, გარკვეულ ადამიანებზე მოახდინოს გავლენა და დაიყოლიოს ისინი დანაშაულებრივი ქმედების ჩასადენად.
შესაბამისად, არსებობს რეალური საფრთხე, რომ ბრალდებული მოახდენს ზეგავლენას, შევა მათთან ფარულ გარიგებაში, რათა არ მისცენ მისი მამხილებელი ჩვენება. პოტენციურ მოწმეთა შორის, რომლებიც იმყოფებოდნენ 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე და ფლობენ ინფორმაციას მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე, არიან მისი მხარდამჭერებიც.
არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებულს აქვს მჭიდრო კომუნიკაცია, რაც გაუადვილებს მათთან ფარულ გარიგებაში შესვლასა და მათ დაყოლიებას, არ მისცენ მისი მამხილებელი ჩვენება. აღნიშნული ქმედებით ნიკანორ მელია ხელს შეუშლის გამოძიებას და ჩაიდენს ახალ დანაშაულს”, – განაცხადა საქმის პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა.
დაცვის მხარემ სასამართლო პროცესზე ნიკა მელიას მიერ მოწმეებზე შესაძლო ზეწოლა გამორიცხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები