კახა კალაძე: გულწრფელ პროტესტს ყველა ვუერთდებოდით, როგორც განვითარდა მოვლენები, ეს უკვე პირდაპირი თავდასხმა იყო
“ის, როგორც განვითარდა მოვლენები, იყო პირდაპირი თავდასხმა და პოლიციას რა უნდა გაეკეთებინა ?!”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. ჩემ მიერ ჩატარებულ ბრიფინგზეც სიმშვიდისკენ მოვუწოდებდი აქციის მონაწილეებს, ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისი გამოხატვის შესაძლებლობა, მაგრამ ეს უნდა იყოს კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში.
„ჩვენ რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა გვქონდა. ეს იყო სპონტანური აქცია და ადამიანებმა გამოხატეს თავიანთი გულწრფელი პროტესტი, რასაც დილიდან დაწყებული მეც და ჩემი თანაგუნდელებიც ვუერთდებოდით. არც მე მომეწონა, გავრილოვი პარლამენტში რომ აღმოჩნდა და დაიკავა სპიკერის ადგილი. ჩემი ძალიან ახლო მეგობრებიც აპროტესტებდნენ ამას და იქ იყვნენ, პროტესტის ტალღაში. ის, როგორც განვითარდა მოვლენები, იყო პირდაპირ თავდასხმა და პოლიციას რა უნდა გაეკეთებინა – გაჩერდით, ბიჭებო, ახლა უნდა გაგაფრთხილოთო? ეს არ ხდება. შეგიძლიათ, ნახოთ ბრიფინგი, რომელიც პარტიაში ჩავატარე, სადაც გაფრთხილება და მოწოდება იყო, შეგვენარჩუნებინა სიმშვიდე და სიწყნარე, თორემ ამას მოყვებოდა შესაბამისი რეაგირება. კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ქმედებები. ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისი გამოხატვის შესაძლებლობა, მაგრამ ეს უნდა იყოს კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში. ამაზე ყველა უნდა შევთანხმდეთ, თორემ ძალიან მწარე და ცუდი გამოცდილება გვაქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.