კახა კალაძე: 20-21 ივნისს პოლიციის მოქმედებაზე გიორგი გახარიამ პასუხისმგებლობა თავად აიღო

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აღარ უნდა ისმოდეს კითხვა, თუ ვინაა პასუხისმგებელი, რადგან შს მინისტრმა არაერთხელ განაცხადა, რომ ყველაფერზე ის იღებს პასუხისმგებლობას. როგორც მან განაცხადა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდავია.
„ვფიქრობ, პასუხისმგებლობაზე კარგად მოვისმინეთ შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება, რომ პოლიცია როდესაც მოქმედებდა, ეს არის მისი პასუხისმგებლობა. მაგრამ ყველაზე მთავარი არის რა: შევხედოთ, ქრონოლოგიურად როგორ ვითარდებოდა მოვლენები. იყო აბსოლუტურად მშვიდი გარემო, ადამიანები გამოთქვამდნენ პროტესტს, დღესაც გამოთქვამენ და ეს ნორმალურია. ამას ვერავინ შეზღუდავს ჩვენს ქვეყანაში. გამოხატვის თავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ნებისმიერ ადამიანს, რაც უნდა განსხვავებული შეხედულება და პოლიტიკური მოსაზრება ჰქონდეს ამ საკითხზე, ჩვენს ქვეყანაში აქვს შესაძლებლობა, გამოხატოს ეს ყველაფერი, ამაში თავისუფალია და ვერავინ შეუზღუდავს. ეს ხდება კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში, მაგრამ მერე როგორც განვითარდა მოვლენები, პოლიცია არ შევარდნილა და არ დაუწყია ეს ყველაფერი. ჩვენ თუ სწორ ანალიზს არ გავაკეთებთ, რაც უნდა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვქონდეს, ძალიან რთული იქნება ქვეყნის განვითარება“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები