“ნიკა მელიას შესაძლებლობა აქვს, გავლენა მოახდინოს პოტენციურ მოწმეებზე, რომლებიც ფლობენ ინფორმაციას მის მიერ 20 ივნისს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე”

რამდენიმე წუთში სააპელაციო სასამართლო ნიკა მელიას საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. სააპელაციო სასამართლომ დღეს უნდა გადაწყვიტოს, გაიზიარებს თუ არა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, პარლამენტის წევრისთვის გირაოსა და სხვადასხვა შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით.
ბრალდების მხარე  ნიკა მელიას პატიმრობას ითხოვს და განმარტავს, რომ მას აქვს შესაძლებლობა, გავლენა მოახდინოს პოტენციურ მოწმეებზე, რომლებიც 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდნენ და ფლობენ ინფორმაციას ნიკა მელიას მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე.
„გასათვალისწინებულია, რომ ბრალდებულს ბრალი ედება მასზედ, რომ შეეძლო, დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართალდამცველებზე ძალადობრივ თავდასხმაში, რაც მიუთითებს, რომ მას აქვს შესაძლებლობა, გარკვეულ ადამიანებზე მოახდინოს გავლენა და დაიყოლიოს ისინი დანაშაულებრივი ქმედების ჩასადენად. შესაბამისად, არსებობს რეალური საფრთხე, რომ ბრალდებული მოახდენს ზეგავლენას, შევა მათთან ფარულ გარიგებაში, რათა არ მისცენ მისი მამხილებელი ჩვენება. პოტენციურ მოწმეთა შორის, რომლებიც იმყოფებოდნენ 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე და ფლობენ ინფორმაციას მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე, არიან მისი მხარდამჭერებიც. არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებულს აქვს მჭიდრო კომუნიკაცია, რაც გაუადვილებს მათთან ფარულ გარიგებაში შესვლას და მატ დაყოლიებას არ მისცენ მისი მამხილებელი ჩვენება, აღნიშნული ქმედებით, ნიკანორ მელია ხელს შეუშლის გამოძიებას და ჩაიდენს ახალ დანაშაულს“, – განაცხადა საქმის პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა.
დაცვის მხარის მოთხოვნაა, ნიკა მელიას მოეხსნას ყველა ის შეზღუდვა, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა. ადვოკატი, ასევე, გამორიცხავს მოწმეებზე შესაძლო ზეწოლას.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს მოსამართლის განჩინებით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ასევე, მელია ეკრძალება როგორც პროკურორთან შეუთანხმებლად სახლიდან გადაადგილება, ასევე – საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საჯარო განცხადების გაკეთება და მოწმეებთან კომუნიკაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები