კახა კალაძე: ადამიანურად, არცერთი კაცის ციხეში გაშვება მსიამოვნებს, რთულია, როცა ადამიანი მიდის ციხეში
„ადამიანურად, არცერთი კაცის ციხეში გაშვება მსიამოვნებს და რაღაც კმაყოფილებას ვერ მივიღებ, ვინც უნდა იყოს, რა მძიმე პოლიტიკური შეხედულებებიც უნდა ჰქონდეს, რთულია, როდესაც ადამიანი მიდის ციხეში”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ნიკა მელიას შესახებ საუბრისას განაცხადა.
კალაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს არჩევნების გზით და არა – გადატრიალებისა და დამხობის გზით.
„ის ქმედება, განცხადებები, მოწოდებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ, 20 ივნისის ღამეს, ეს იყო ძალიან მძიმე და რა შედეგიც მოჰყვა ყველამ ვნახეთ. მე ვერ ჩავერევი სასამართლოს გადაწყვეტილებაში, მაგრამ ერთს ვიტყვი, ცხადია, იკვეთება დანაშაულები და ყველამ უნდა აგოს პასუხი თავის ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. იყო გადაცდომები? რა თქმა უნდა, პასუხი უნდა მოეთხოვოს ყველა იმ პოლიციელს, ვინც მონაწილეობდა გადაცდომაში, უნდა მოეთხოვოს ყველა იმ პოლიტიკოსს, ვინც მოუწოდებდა შტურმისკენ და პარლამენტში შევარდნისკენ. ზოგადად უნდა შევთანხმდეთ, რომ ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს არჩევნების გზით და არა გადატრიალების, დამხობის გზით“, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიასთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე ამ წუთებში სააპელაციო სასამართლო მსჯელობს. პროკურატურა სააპელაციო სასამართლოსგან ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.