ზაალ ანჯაფარიძე აქციის დაშლის საკითხზე: გახარიამ უნდა უზრუნველყოს სწრაფი, გამჭვირვალე და ეფექტიანი გამოძიება

“მიმაჩნია, რომ გიორგი გახარიამ, ვიდრე ის მინისტრია, უნდა უზრუნველყოს ამ საკითხის სწრაფი, გამჭვირვალე და ეფექტიანი გამოძიება. ვფიქრობ, ამ ეტაპზე, უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ 20-21 ივნისის აქციის დაშლის საკითხთან დაკავშირებით მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე განაცხადა.
ანალიტიკოსმა შინაგან საქმეთა მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა.
„შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ის იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდა 20-21 ივნისს. ეს არის პოლიტიკური განაცხადი იმაზე, რომ ის იღებს პასუხისმგებლობას. ახლა ჩვენ უნდა დაველოდოთ, თუ რაში გამოიხატება ეს პასუხისმგებლობა. მაგრამ მან, ასევე, განაცხადა, რომ საჭიროა, თავიდან ბოლომდე იქნას სრულყოფილად გამოძიებული ის, თუ რეალურად რამ გამოიწვია პოლიციის მხრიდან ის ქმედებები, რა ქმედებებმაც მოიტანა ძალიან მძიმე შედეგები. მე მიმაჩნია, რომ გახარიამ, ვიდრე ის მინისტრია, უნდა უზრუნველყოს ამ საკითხის სწრაფი, გამჭვირვალე და ეფექტიანი გამოძიება. სხვათა შორის, ამას ითხოვენ ჩვენი ევროპელი პარტნიორებიც. ამის შემდეგ თუ გამოიკვეთება ის, რომ აქ დგება შს მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. ის, სავარაუდოდ, მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას. რამდენადაც მე შემიძლია, ვიმსჯელო „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებით, ისინი არ გამორიცხავენ ამის შესაძლებლობას. ჯერ მთავარია, დაიდოს გამოძიების შედეგები, რომელსაც საზოგადოება ენდობა.

ვფიქრობ, ამ ეტაპზე, უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუ ვინ გასცა ბრძანება იმ საშუალებების გამოყენების შესახებ, რაც იქნა გამოყენებული და რამდენად ადეკვატური იყო იმ მეთოდების გამოყენება მიტინგის დასაშლელად“, – განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები