ბოლნისში მდგრადი ენერგეტიკის დღე აღინიშნა

ბოლნისის მუნიციპალიტეტი ევროპის ენერგეტიკის კვირეულს შეუერთდა და 28 ივნისს მდგრადი ენერგეტიკის დღე – „დაზოგე ენერგია და დააზღვიე შენი ჯანმრთელობა“ აღნიშნა. ღონისძიება „მერების შეთანხმება აღმოსავლეთით“ ფარგლებში, ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს მხარდაჭერით გაიმართა. ​

როგორც “კვირას” ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, დღის განმავლობაში, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული აქტივობები ჩატარდა. ძველი გერმანული უბნიდან სხვადასხვა პროფესიის, ასაკისა და სქესის ადამიანებმა ეკოლოგიურად უსაფრთხო ტრანსპორტით სარგებლობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისთვის, ველოსიპედებით ქალაქის მთავარ შესასვლელამდე და კვლავ ისტორიულ უბნამდე ველოტური მოაწყვეს.

ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი პირველ მოადგილესთან ერთად შეუერთდა. აქტივობები ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში გაგრძელდა. იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლის მოსწავლეებმა ბიოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით დამზადებული ჯეჯილის კოქტეილის პრეზენტაცია გამართეს.მათ მოსახლეობას ბიოგაზისა და ენერგიის დაზოგვის მნიშვნელობის შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია.

მოეწყო ქვიზიც ენერგოეფექტურობის თემაზე და გამოვლინდა 3 გამარჯვებული, რომლებსაც სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

მდგრადი ენერგეტიკის დღე ბოლნისში თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმის ჩვენებით დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები