“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ნიკა მელია დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად აცხადებს, რომ ის ჩვეულ რეჟიმში, ყოველ დილით ადგება და მივა პარლამენტში.
მისი თქმით, ამისათვის მმართველი გუნდი ვერსად დაიჩივლებს.
„გუშინწინ მუშტებს მიქნევდნენ, ხელებს მიქნევდნენ და მეუბნებოდნენ, რომ დასაჭერი ვარ. დღეს კიდევ უფრო დაბნეული და ჩაფიქრებულები არიან და პოლიტიკური დოინჯის პოზა აქვთ, ასე დგანან და არ იციან, რა გააკეთონ.
ეს არ არის მთავარი. მთავარია, რომ მე ვიცი, რაც უნდა გავაკეთო. ვივლი პარლამენტში, როგორც მინიმუმ. წარმოიდგინეთ, დილით ავდგები, გავიკეთებ ჰალსტუხს, ჩავიცვამ პიჯაკს მივალ პარლამენტში, გამოვალ სიტყვით და დამაპატიმრებენ? ცივილიზებულ სამყაროს რას ეტყვიან, რომ გამოცხადდა პარლამენტარი, წარმოთქვა სიტყვა – ეს არის გირაოს პირობების დარღვევა და უნდა წავიდეს ციხეშიო? სადაც უნდა გაიხედონ, ყველგან თავი მოეჭრებათ იმიტომ, რომ ბოროტი განზრახვა ჰქონდათ და ეს განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს. აბსურდულ სპირალში არიან შესულები“, – აცხადებს ნიკა მელია.