შალვა კერესელიძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროექტები ხარისხიანად შესრულდეს და მიღებული სიკეთით ყაზბეგელებმა მაქსიმალურად ისარგებლონ

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში პროექტები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, მოადგილესთან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელ პირებთან და საზედამხედველო კომპანია „მშენ-ექსპერტის“ წარმომადგენლებთან ერთად, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
როგორც “კვირას” მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, სოფელ ხურთისში წყლის სათავე ნაგებობის, გამწმენდი ნაგებობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. რეაბილიტაცია უტარდება საცხოვრებელ კორპუსებსა და ადმინისტრაციულ შენობას დაბა სტეფანწმინდაში. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ყანობთან მისასვლელი ხიდის სამშენებლო და სოფლების – სიონისა და გარბანის დამაკავშირებელი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
მხარის რწმუნებულმა სოფელ ფანშეტის ჭაბურღილისა და სოფელ სიონში კობათუბნის ნაპირსამაგრების მოწყობის სამუშაოებიც მოინახულა და ადგილზე არსებულ ვითარებას დეტალურად გაეცნო.
შალვა კერესელიძე კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებსაც შეხვდა და მათთან ერთად პროექტების მიმდინარეობაზე და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელა.
​„ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროექტები ხარისხიანად შესრულდეს და მიღებული სიკეთით ყაზბეგელებმა მაქსიმალურად ისარგებლონ. მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, შესაბამის უწყებებთან ერთად, მიმდინარე სამუშაოებზე მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს“, – აღნიშნა შეხვედრაზე მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები