დავით ზალკალიანი: საქართველო უსაფრთხო და პოპულარული ტურისტული ქვეყანაა, რასაც ხაზს უსვამენ პარტნიორებიც

საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრას საგარეო უწყების ხელმძღვანელი დავით ზალკალიანი გამოეხმაურა. მინისტრის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრა ემსახურებოდა ჩვენს პარტნიორებთან საქართველოში არსებული ტურისტული და უსაფრთხოების გარემოს შესახებ ინფორმაციის გაცვლას.
მისი თქმით, როგორც საქართველოს მისიები საზღვარგარეთ, ასევე ადგილზე მყოფი დიპლომატური წარმომადგენლობები აქტიურად არიან ჩართული საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციაში.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო ისევე როგორც თბილისში, ასევე ყველა დიპლომატიური მისიის საშუალებით აგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას საერთაშორისო თანამეგობრობასთან ტურიზმის სფეროში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. დღევანდელი შეხვედრაც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, ჩვენ დიპლომატიურ კორპუსს გავაცანით არსებული სიტუაცია და განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ იმაზე, რომ საქართველო როგორც აქამდე, ისე დღესაც და მომავალშიც, არის და იქნება უსაფრთხო ქვეყანა. საქართველო როგორც უსაფრთხო ქვეყანა აღიარებულია ევროკავშირის მხრიდან და ფაქტებიც მოწმობს, რომ მიუხედავად ბოლო პერიოდში შექმნილი სიტუციისა, არც ერთი ინცინდენტი არ დაფიქსირებულა, არც ერთი უცხოელი მოქალაქისა და ტურისტის მიმართ”,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველო მომავალშიც მიმზიდველი ქვეყანა იქნება საერთაშორისო პარტნიორებისთვის.
„აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ დიპლომატიური კორპუსი, როგორც თბილისში ასევე ჩვენი მისიები მომავალშიც გააგრძელებენ აქტიურ კომუნიკაციას და საქართველო კვლავაც იქნება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები