ნიკა მელია: თქვენ აპირებთ ჩემ დაჭერას, მე მაქვს ზეიმი, თქვენ გაქვთ პანაშვიდი

“დღეს ვარ აქ მარტო, თქვენ ხართ ბევრნი, აპირებთ ჩემ დაჭერას, მე მაქვს ზეიმი, თქვენ გაქვთ პანაშვიდი“, – ამ სიტყვებით მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო წევრმა, ნიკანორ მელიამ პარლამენტის დეპუტატებს, რომლებიც მისთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებაზე მსჯელობენ.
ნიკანორ მელია სესიაზე “ქართული ოცნების” პირისპირ მარტო იმყოფება. მისივე მოთხოვნით, ოპოზიციონერი დეპუტატები დარბაზში არ იმყოფებიან. ისინი პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს ტელევიზიის საშუალებით თვალ-ყურს ადევნებენ.
„არ ვაპირებდი განცხადების გაკეთებას და, საერთოდ, აქ ლაპარაკს სხდომათა დარბაზში. მე კატეგორიულად ვთხოვე ჩემს კოლეგებს და მათ ეს თხოვნა გაითვალისწინეს, რომ დღეს ის სურათი ყოფილიყო, რაც დღეს არის. დიახ, მე დღეს აქ ვარ მარტო, თქვენ ხართ ბევრნი. არიან კიდევ კოლეგები, მე ვარ ამაყი, მაგრამ თქვენ არ ხართ ამაყები. მე ვარ თავისუფალი, მაგრამ თქვენ თავს გრძნობთ პირიქით – უხერხულ მორჩილებაში. მე ბევრი რამ მექნება ჩემი შვილებისთვის სიამაყით სათქმელი და თქვენ ძალიან ცოტა რამ გექნებათ სათქმელი სიამაყით თქვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმ ეპიზოდს, როცა მტერი ჩასვით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. დიახ, დღეს მგონია, რომ ვარ ისტორიის სწორ მხარეს. თქვენ ხართ ისტორიის არასწორ მხარეს. შემიძლია, რომ თითოეულ თქვენგანს თავისუფლად გაგისწოროთ თვალი თვალს, მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ ამის გაკეთება და ეს იგრძნობა ხელშესახებად ამ დარბაზში. დიახაც, მე დღეს ვარ აქ მარტო, თქვენ ხართ ბევრნი, აპირებთ ჩემ დაჭერას მე მაქვს ზეიმი, თქვენ გაქვთ პანაშვიდი. დღეს თქვენ მე განაჩენს ვერ გამომიტანთ, ღილაკზე მიჭერით თქვენ ბედს განსაზღვრავთ და საკუთარ ცხოვრებას. წარმატებები, რომ არა ცილისწამება, ამასაც არ ვიტყოდი”, – განაცხადა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები