ყაზახეთის სამხედრო ნაწილში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა აფეთქებების გამო შეჩერდა – არის მსხვერპლი
ყაზახეთის ქალაქ არისში მდებარე სამხედრო ნაწილში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა პერმანენტული აფეთქებების გამო ვერ ხერხდება და სამუშაოები ამ დროისთვის შეჩერებულია. ინციდენტის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ერლან ტურგუმბაევმა მთავრობის საგანგებო სხდომაზე განაცხადა.
“იმის გამო, რომ ამ დრომდე გრძელდება პერმანენტული აფეთქებები სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, ჯერჯერობით, შეუძლებელია ხანძრის ჩაქრობის სამუშაოების განხორციელება. თუმცა თავდაცვის მინისტრთან ერთად დღის განმავლობაში აღნიშნულ სამუშაოებს განვაახლებთ”, – თქვა ტურგუმბაევმა.
მინისტრის თქმით, ქალაქში 23 სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს, 19 სახლსა და 9 საყოფაცხოვრებო ნაგებობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.
შეგახსენებთ, გუშინ საღამოს სამხრეთ ყაზახეთის ოლქში განთავსებულ სამხედრო ნაწილში ხანძრის შედეგად სამხედრო მასალების აფეთქებები დაიწყო. ინციდენტის შედეგად ათამდე ადამიანი დაშავდა. მომხდარის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.