შაურმა, რომელმაც ოცამდე ადამიანის მოწამვლა გამოიწვია, მიკრობიოლოგიურად დაბინძურებული აღმოჩნდა
უკვე ცნობილია იმ შაურმის ლაბორატორიული კვლევის შედეგები, რომელმაც 24-25 იანვარს ბათუმში ოცამდე ადამიანის მოწამვლა გამოიწვია. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა ბათუმში, ჭავჭავაძის 7-ში მდებარე საშაურმედან ნიმუშები ინფორმაციის მიღებისთანავე აიღეს და შესამოწმებლად აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ “ლაბორატორიულ კვლევით ცენტრს” გადაუგზავნეს, ბიზნესოპერატორს კი საწარმოო პროცესი შეუჩერეს. კვლევით დადგინდა, რომ შაურმაში მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები, კერძოდ, მეზოფილურ-აერობული და ფაკულტატურ ანაერობული მიკროორგანიზმები აღემატებოდა დასაშვებ ნორმას. ნიმუშში აღმოჩნდა ასევე ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები (კოლიფორმები). აღნიშნული დარღვევების გამო ბიზნესოპერატორი კანონმდებლობის შესაბამისად, 1000 ლარით დაჯარიმდა.