„კი გვინდა, რომ ბევრი ევროპელი ტურისტი შემოვიდეს, მაგრამ გვჭირდება უფრო მაღალი დონის სერვისები“
ეს სანქციები ყველაზე მეტად მცირე და საშუალო, ოჯახურ სასტუმროებს დაარტყამს, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე საფინანსო საკითხების ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ცუცქირიძემ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა.
თავდაპირველად რუსეთის ხელისუფლებამ ტურისტებს ურჩია, თავი შეეკავებინათ საქართველოში ვიზიტისგან, რადგან “დაცულები არ იქნებოდნენ”. მალევე, პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენა აუკრძალა.
“დღეს რაც ხდება, შეიძლება, სამ ნაწილად დაიშალოს. ერთია რა ზეგავლენა ექნება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეკონომიკაზე, მეორე- ის გადაწყვეტილება , რაც ფრენების აკრძალვასთანაა დაკავშირებული , მესამე- პერსპექტივაში იქნება, თუ არა ემბარგოსკენ გადახრა. ეს ყველაფერი ურთიერთკავშირშია. მიმდინარე პროცესები ასევე კავშირში იქნება ემბარგოს საკითხთან.
დავიწყოთ ტურინდუსტრიით . საუბარი იმაზე, რომ ევროპელი ტურისტი აქ უფრო მეტს ხარჯავს , ვიდრე რუსი, ეს გასაგებიცაა, იმიტომ, რომ ევროპაში ცხოვრების დონე 2-ჯერ და 3-ჯერ მაღალია, ვიდრე რუსეთში , უფრო მეტსაც ხარჯავს, ეს ბუნებრივია, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ვეროკავშირთან მზარდი ვაჭრობა გვაქვს, ტურისტების ნაკადების ზრდაც არის, მაინც, ეს არის ცოტა სხვა კუთხით შესახედი თემა. პირველი – ყველაზე დიდი ზრდა საქართველოში როგორც ექსპორტზე , ასევე ტურისტულ ინდუსტრიაში იყო რუსეთი . რუსეთი და თურქეთი არიან ჩვენი პირველი და მეორე, ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები.
ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა პროცესთან გვექნება საქმე. ჯერ საუბარია მხოლოდ ფრენების აკრძალვაზე , მაგრამ სხვა გზები ხომ არსებობს? როგორც ვიცით, ტურისტების დიდი ნაკადი ლარსიდან შემოდიოდა , ასევე შესაძლებელია მესამე ქვეყნებიდანაც შემოსვლა. ბუნებრივია, მნიშვნელოვანი ნაკადი საჰაერო ტრანსპროტით მოდიოდა. ეს გარკვეულწილად, იმოქმედებს ჩვენს ტურისტულ შემოსავლებზე , იმიტომ, რომ ბოლო წლებში ძალიან მზარდი იყო ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი. აქ რუსეთის წილი დაახლოებით 15 % იყო. ამის კომპენსირება რომ შესაძლებელია, ორი აზრი არ არის, მაგრამ დროში გაწელილია და რატომ – იგივე ევროპელი ტურისტი, რომელიც რუს ტურისტზე 2- ჯერ და 3-ჯერ მეტს ხარჯავს , საჭიროებს უფრო მაღალი დონის მომსახურებას. აქ საუბარია ინფრასტრუქტურაზე. ჩვენ კი გვინდა, რომ ევროპელი ტურისტები ბევრი შემოვიდნენ , მაგრამ ჩვენ გვჭირდება უფრო მაღალი დონის სერვისები.
ტურინდუსტრიაში რუსული სეგმენტის ჩანაცვლება, რა თქმა უნდა შესაძლებელია , მაგრამ ის, რომ რუსი ტურისტი საქართველოში არ შემოვა , არ მგონია საქმე აქამდე მივიდეს.
ეს სანქციები ყველაზე მეტად მცირე და საშუალო, ოჯახურ სასტუმროებს დაარტყამს. იმიტომ, რომ მაღალი კლასის სასტუმროები მაინც უფრო მაღალშემოსავლიან ფენებს ემსახურებიან. პატარა სასტუმროები შედარებით დაბალშემოსავლიან ფენებზე არის გათვლილი, მათთვის, რა თქმა უნდა, შემოსავლები შემცირდება .
მეორე თემაა, რა გვექნება ემბარგოს შემთხვევაში. ის, რომ ბაზარს ძალიან მალე გადავაწყობთ, ანუ სხვა ბაზარებზე დივერსიფიკაციას მოვახდენთ, ილუზიაა იმ გაგებით, რომ სხვა ბაზრებზე შესვლას დრო უნდა, მარკეტინგული ხარჯებია, ესეც დროში გაწელილია. მე იმას კი არ ვამბობ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია სხვა ბაზრებზე გადაწყობა, შეგვიძლია ესეც გავაკეთოთ, მაგრამ ეკონომიკაზე ამას, ბუნებრივია, ნეგატიური ზეგავლენა ექნება. ეს წინასწარ უნდა ვიცოდეთ. მნიშვნელოვანი იქნება დივერსიფიკაციის რა ბაზრები იქნება ალტერნატივა“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
თამუნა შეყილაძე