„დაიცავი შენი წილი სამშობლო“: არცერთი სახელმწიფოს ელჩს უფლება არ აქვს, ქვეყნის შიდა საკითხებში ჩაერიოს

საერთაშორისო ასოციაცია „დაიცავი შენი წილი სამშობლო“ „თბილისი პრაიდის“ ჩატარებასთან დაკავშირებით ზოგიერთი უცხოელი ელჩის მხარდამჭერ პოზიციას აპროტესტებს და ხელისუფლებას ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებს.
“კვირა” ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„საქართველო სუვერენული ქვეყანაა, რომლის 20% რუსეთის მიერ ოკუპირებულია. ყველა დამოუკიდებელი, თავმოყვარე სახელმწიფო თავისი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის აზრს პატივს სცემს, რადგან დემოკრატია ხალხის მმართველობაა.
საქართველოში მოვლინებულ არცერთი სახელმწიფოს ელჩს არ აქვს უფლება, ჩაერიოს ქვეყნის შიდა საკითხებში, რაც ჩვენი მოსახლეობის უმეტესობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

ღირსების არმქონე ე.წ. მარშის ორგანიზატორები, მონაწილეები და მათი მხარდამჭერები, ქვეყნის შიგნით თუ გარედან მოვლენილი ემისრები, ჩრდილქვეშ აყენებენ და უგულვებელყოფენ დემოკრატიას, რაც, ისევ და ისევ, ხალხის მმართველობას ნიშნავს.
მივმართავთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, მთლიანად ხელისუფლებას, სასწრაფოდ შეიმუშაონ ოფიციალური დოკუმენტები და გაგზავნონ იმ სახელმწიფოებში, რომელთა ელჩებიც საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის განწყობას უღირსებო მარშთან დაკავშირებით უგულვებელყოფენ და ამ დიპლომატების თავიანთ სახელმწიფოებში გაწვევა მოითხოვონ.
რაც შეეხება ღირსების არმქონე მარშის ორგანიზატორებსა და მხარდამჭერებს – ისინი სწორედაც რომ პუტინის ხაზს ატარებენ საქართველოში, რათა ქვეყნის მოსახლეობა აგრესიულად განეწყოს ევროპული ღირებულებების მიმართ“, – აღნიშნულია საერთაშორისო ასოციაცია „დაიცავი შენი წილი სამშობლოს“ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები