გურამ ფალავანდიშვილი: აბსურდული ბრალდებაა, კითხვები იყო, თუ სად არის კომბლების საწყობი

აბსურდული ბრალდებაა, რომელიც გაბათილდება. კითხვები იყო, თუ სად არის კომბლების საწყობი – აბსურდული შეკითხვები იყო, – ამის შესახებ ლევან ვასაძის, ერთ-ერთმა თანამოაზრემ, გურამ ფალავანდიშვილმა, 6 საათიანი დაკითხვის შემდეგ განაცხადა.

,,კითხვები დაისვა ჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით, რაც შეეხება ამ ჯგუფების შექმნის მიზანს და უფლებამოსილებას, ეს ჯგუფი მშვიდობიანი ფორმით შეეცდება, რომ პოლიციის კორდონი გაწიოს, რომ მათ ვერ შეძლონ ეს ჯოჯოხეთური აქციის ჩატარება.

ამ შემთხვევაში, გამოვრიცხავ, რომ პოლიციამ ერსა და ბერს ცეცხლი გაუხსნას, ნიჩაბი დაარტყას ან სააკაშვილივით თავში ურტყას და ჭავლი მიუშვას.

ჩვენი მხრიდან, ძალადობას გამოვრიცხავ. ერთადერთი ძალა იქნება დიდი რაოდენობის ძალის გამოყენება, რომ იქ არ შედგეს არც კონცერტი არც აქცია. იქნება მშვიდობიანი ძალის გამოყენება, რომელსაც იმედია, არც პოლიცია დაუშენს ტყვიას და არც ვიღაც აიღებს კომბალს“, – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

უკანონო ფორმირების შექმნაზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში 20-მდე პირი გამოკითხა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით არ ამბობენ, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვები ხვალაც გაგრძელდება თუ არა. ასევე უცნობია, საქმის გამოძიების ფარგლებში, დაიბარებენ თუ არა გამოკითხვაზე ბიზნესმენ ლევან ვასაძეს.

დღეს გამომძიებლების შეკითხვებს ათამდე პირმა უპასუხა. მათი თქმით, კითხვები შეეხებოდა იმ ჯგუფებს, რომელთა შექმნაც ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ კვირას, ვერის ბაღში გამართულ აქციაზე დააანონსა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები