რა კვალიფიკაცია აქვს ჯანდაცვის ახალ მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალ მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს სამედიცინო განათლება თბილისში აქვს მიღებული, ექიმის კვალიფიკაციით.
ეკატერინე ტიკარაძეს ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით კვალიფიკაცია ევროპის წამყვან სასწავლებლებში აქვს გავლილი.
2007-2008 წლებში ის გერმანიაში ლუდვიქსჰაფენის პრაქტიკისა და მეცნიერების აკადემიაში სწავლობდა, 2015-2016 წლებში კი გერმანიაში, მიუნსტერში ჰოსპიტალურ სექტორში მართვის მიმართულებას ეუფლებოდა.
2016-2019 წლებში ეკატერინე ტიკარაძემ კვალიფიკაცია ავსტრიაში, ვენის დანუბეს უნივერსიტეტში აიმაღლა.
მისი სამუშაო გამოცდილება სრულად ჯანდაცვის სფეროს უკავშირდება.
2006-2008 წლებში ეკატერინე ტიკარაძე გერმანიაში, ნიურნბერგში, ფონდის „სტომატოლოგები საზღვრებს გარეშე” პროექტის განვითარების მენეჯერი იყო.
2008-2013 წლებში შვეიცარიულ კომპანია „მედტრანსში” მუშაობდა.
2015 წლიდან დღემდე – „საჩხერის რაიონული საავადმყოფოს პოლიკლინიკური გაერთიანების” გენერალური დირექტორი იყო.
ჯანდაცვის ახალი მინისტრი ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.
ეკატერინე ტიკარაძეს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები