ეკოლოგი: ქალაქის სივრცე დიდი შენობებითაა ჩაკეტილი, თბილისს განიავების პრობლემა აქვს

ეკოლოგ ბიძინა გიორგობიანის განცხადებით, დედაქალაქს განიავების პრობლემა აქვს.
თბილისის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე გიორგობიანმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრეკსლუბში სტუმრობისას ისაუბრა. მისი თქმით, ქალაქში ჰაერაცია დარღვეულია.
„ყოველგვარი მორიდების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ქალაქს განიავების პრობლემა აქვს. ეს არავისთვისაა საიდუმლო. ეს არის პორბლემა, რომელსაც შველა უნდა. ქალაქის სივრცე უკვე, ფაქტობრივად, დიდი შენობებითაა ჩაკეტილი. ეს ჩაკეტილი სივრცე არ იძლევა იმის საშუალებას, რომ თუ ძლიერი ქარი არ უბერავს, ქალაქი განიავდეს. ქალაქში ჰაერაცია დარღვეულია. ასევე, დარღვეულია ქუჩების ჰაერაცია“, – განაცხადა ეკოლოგმა.
მისივე თქმით, დედაქალაქში ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი ავტომობილების გამონაბოლქვი და სამშენებლო მტვერია.
„ განსაკუთრებით, ზაფხულის დადგომის შემდეგ ყველას აქვს განცდა, რომ ქალაქში სუნთქვა ჭირს.
ჰაერის დაბინძურების მთავრი წყარო ავტომობილების გამონაბოლქვია.
დღეს ასეთი ვითარებაა – საწვავის შემომტანი ვალდებულია, ექსპერტიზა გაუკეთოს თავის შემოტანილ საწვავს. მართალია, კრიტერიუმები დადგენილია, მაგრამ შემდეგ ამის კონტროლი აღარ ხდება. მე მივიჩნევ, რომ საქართველოში გაყიდული საწვავი არ შეესაბამება იმ სტანდარტს, რომელიც მიღებულია ევროკავშირის ქვეყნებში.
ქალაქში დადიან ჯერ კიდევ 2007 წელს ნაყიდი „ბოგდანის“ ავტობუსები, რომლებიც ბოლავენ. ასევე, მძიმე მდგომარეობაშია ყვითელი მიკროავტობუსები. ისინი ქალაქს აბინძურებენ არა მხოლოდ მორალურად, არამედ ჰაერის ერთ-ერთი მთავარი დამაბინძურებლები არიან.
რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ პრობლემა შედარებით მოწესრიგდეს – პირველ ყოვლისა, უნდა გაფართოვდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. რაც შეეხება ტექდათვალეირებას – ერთი მხრივ, ჩვენ გვეუბნებიან, რომ ამან გამოიღო პოზიტიური შედეგი; მეორე მხრივ, მივდივართ ქუჩაში და ვხედავთ, რომ ისეთი მანქანები დადიან, რომლებიც ბოლავენ. ჩვენ ხომ გვაქვს თვალები? ახლა, წესით, ასეთი მანქანები აღარ უნდა დადიოდნენ, მაგრამ მაინც გვხვდებიან.
ჰაერის მეორე დამაბინძურებელი სამშენებლო მტვერია. ასევე, ქალაქს გარემომცველი მწვანე სარტყელის პრობლემა აქვს. რაკი თვალი ევროპისკენ გაგვირბის და გვინდა, ცოტათი დავემსგავსოთ რაღაცეებში, იქ, ფატობრივად, ტყეში არის ქალაქები და ამ ქალაქებში გამჭოლი მწვანე სივრცეებია. ქალაქის განიავებისთვის გამჭოლი მწვანე სივრცეები კარგ ეფექტს იძლევა“, – განაცხადა ეკოლოგმა.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები