შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

რიკოთის საუღელტეხილო გზის მე-4, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებული პირველი ტენდერი ჩაიშალა, დღეს კი სატენდერო წინადადებების მიღება ხელახლა დაიწყო.
„დაინტერესებულ კომპანიებს წინადადებების წარმოდგენა 1-ელი აგვისტოს 16:00 საათმდე შეუძლიათ. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობას კი აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია 14.7 კმ. ცემენტ-ბეტონის 4-ზოლიანი გზის, 14 ხიდისა და 12 გვირაბის მშენებლობა. აღსანიშანავია, რომ რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე უკვე მიმდინარეობს მე-2 და მე-3, ხევი-უბისასა და უბისა-შორაპანის მონაკვეთების მშენებლობა.
რიკოთის უღელტეხილზე, ჯამურად, დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. რიკოთის მოდერნიზება ხელს შეუწყობს ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობისა და სატრანზიტო ტვირთბრუნვის ზრდას, ასევე ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებასა და მგზავრობის დროის შემცირებას. საბოლოოდ, რიკოთის საუღელტეხილო გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულებისას მანძილს 30 კილომეტრით შეამცირებს, ხოლო წითელი ხიდიდან-სარფამდე მგზავრობის დრო განახევრდება. თუ დღეს, წითელი ხიდიდან-სარფამდე მანძილის გავლას სჭირდება 8 საათი, სამომავლოდ დასჭირდება 4-4.5 საათი“, – აცხადებენ დეპარტამენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები