ლევან კობერიძე: ლევან ვასაძის განცხადებები ანტისახელმწიფოებრივია

“მისი განცხადებები ანტისახელმწიფოებრივია და თუ ქვეყანას პრეტენზია აქვს, რომ ქვეყანაა, შესაბამისი ნაბიჯები სასწრაფოდ უნდა გადაიდგას”, – ასე გამოეხმაურა დამოუკიდებელი დეპუტატი, ლევან კობერიძე ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ ვერის ბაღში გაკეთებულ განცხადებებს.
„თუ „აეფკა“-ს სისტემა გაგიგიათ, ნახავთ, ვასაძეს რა პოზიცია ეკავა. ეჭვი არავის ეპარება, რომ მსგავსი სახის ორგანიზაციები და კომპანიები რუსეთში პირდაპირ მათ სპეცსამსახურებთან არიან კავშირში. ეს ხელის გულზე დევს და ამას მარჩიელობა არ სჭირდება. ჩემთვის გასაგებია, ლევან ვასაძე ვის წისქვილზე ასხამს წყალს. ეს ადამიანი ისეთ კომპანიასა და ისეთ თანამდებობაზე მუშაობდა, ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ არ ჰქონდეს პირდაპირი, არათუ ირიბი კავშირი რუსულ სპეცსამსახურებთან. მისი განცხადებები ანტისახელმწიფოებრივია და თუ ქვეყანას პრეტენზია აქვს, რომ ქვეყანაა, შესაბამისი ნაბიჯები სასწრაფოდ უნდა გადაიდგას. თუ არის რამე კანონსაწინააღმდეგო, შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. კანონი ყველასთვის კანონია“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.
ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ გუშინ ვერის ბაღში გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ თბილისში სახალხო რაზმების ორგანიზება მოხდება. “გვექნება ლეგიონი, იქნება ქალაქის პატრულირება და თუ ეცდებიან რაიმე სახის დემონსტრაციის ჩატარებას, ნებისმიერ კორდონს, რომელსაც ჩვენი პოლიცია დაგვიყენებს, აუცილებლად გავარღვევთ. ჩვენ მათ შევუკრავთ ხელებს ქამრებით, რომლებიც თან გვქნება და მივაბრძანებთ იმ ადგილიდან, სადაც ისინი იქნებიან”, – განაცხადა ვასაძემ.
აღნიშნულ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები