დიმიტრი ცქიტიშვილი ვასაძის განცხადებაზე: ეს არის მოწოდება ძალადობისკენ

“ეს არის მოწოდება ძალადობისკენ და ამას სახელმწიფომ ძალიან ადეკვატური პასუხი უნდა გასცეს”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ ბოლო დროს ლგბტ თემის წარმომადგენლების მიმართ გაკეთებულ განცხადებებს.
„სამართლებრივად ვერ შევაფასებ ამ განცხადებას, ბუნებრივია, ამას შესაბამისი სტრუქტურა გააკეთებს, მაგრამ ვფიქრობ, ეს საკმაოდ საშიში განცხადებებია. ეს არის მოწოდება ძალადობისკენ და ამას სახელმწიფომ ძალიან ადეკვატური პასუხი უნდა გასცეს. კონსტიტუციურ ჩარჩოში უნდა დავრჩეთ. ნებისმიერს შეიძლებ, ჰქონდეს გამოხატვის უფლება, როგორც არ უნდა მოგვწონდეს თითოეული მხარე, ან ვინმეს როგორ არ უნდა მოსწონდეს, მაგრამ არის კონსტიტუცია, არის სამართლებრივი სისტემა და ქვეყანა უნდა დარჩეს ამ სისტემაში. ნებისმიერმა, ვინც გამოიწვევს სახელმწიფოს, პრინციპში, უნდა მიიღოს შესაბამისი პასუხი შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ გუშინ ვერის ბაღში გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ თბილისში სახალხო რაზმების ორგანიზება მოხდება.
“გვექნება ლეგიონი, იქნება ქალაქის პატრულირება და თუ ეცდებიან რაიმე სახის დემონსტრაციის ჩატარებას, ნებისმიერ კორდონს, რომელსაც ჩვენი პოლიცია დაგვიყენებს, აუცილებლად გავარღვევთ. ჩვენ მათ შევუკრავთ ხელებს ქამრებით, რომლებიც თან გვექნება და მივაბრძანებთ იმ ადგილიდან, სადაც ისინი იქნებიან”, – განაცხადა ვასაძემ.
აღნიშნულ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები