სალომე ზურაბიშვილი: დარწმუნებული ვარ, შემდეგი ეტაპი სამედიცინო და სარეაბილიტაციო ტურიზმის განვითარება იქნება

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბორჯომში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და რეგიონის განვითარების შესაძლებლობასა და პოტენციალზე ესაუბრა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ბოლო ექვს თვეში, რამდენიმე რეგიონს ესტუმრა, მათ შორის, ეწვია აბასთუმანს, სადაც მისი თქმით, სრული აღმშენებლობა მიმდინარეობს.

,,აბასთუმნიდან ძალიან კარგი შთაბეჭდილებით წამოვედი. მიმდინარეობს სრული აღმშენებლობა ამ პატარა და მნიშვნელოვანი ქალაქის, რომელსაც დიდი პოტენციალი გააჩნია, პოტენციალი. რომელიც ვრცელდება მთელ რეგიონზე. დარწმუნებული ვარ, შემდეგი ეტაპი სამედიცინო და სარეაბილიტაციო ტურიზმის განვითარებაა, რომელიც ერთ დიდ სტრატეგიაში იქნება მოქცეული. ჩვენი ვალდებულებაა, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ეს სიმდიდრე და კლიმატური ცვლილებების პრობლემების მიუხედავად, მაქსიმალურად გადავარჩინოთ ის”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა საზღვარგარეთ რეგიონის პოპულარიზაციის მზადყოფნა გამოთქვა, უმუშევრობის პრობლემაზე და პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე საუბრისას კი აღნიშნა, რომ ქვეყანაში გარკვეული პროფესიის სპეციალისტების ნაკლებობაა, რაც თავისთავად, პრობლემას წარმოადგენს.

,,დღეს უმუშევრობის ძალიან მაღალი დონეა ქვეყანაში. მეორე მხრივ, ძალიან ბევრგან ვერ ვპოულობთ საჭირო სპეციალისტებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას სჭირდება და კადრები უცხოეთიდან შემოდიან, ეს უნდა დავაბალანსოთ. ნაწილობრივ ეს ხელისუფლების გასაკეთებელია, რათა უფრო კარგად დაგეგმოს და მოსახლეობას წინასწარ უთხრას ეკონომიკის პრიორიტეტები, სად რა მუშახელი დასჭირდება, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა. პრობლემა დღეს ხელოსნების ნაკლებობაა, რომელიც სჭირდება ქვეყნის განვითარებას”,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, იგი ოპტიმისტურადაა განწყობილი, რადგან ხედავს, რომ ქვეყანას დიდი შესაძლებლობები და პოტენციალი აქვს.

,,ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და გვაქვს შანსი, ვიყოთ მოქნილი. ესეც საზოგადოების მზაობაზეა დამოკიდებული, რათა განვავითაროთ ყველაზე მთავარი – პირადი ინიციატივა, რომლის გარეშეც არაფერი არ ხდება და სამწუხაროდ, დღეს ქვეყანაში კიდევ ის განწყობაა, რომ ელოდებიან რაღაც მითითებებს, განკარგულებებს და რჩევას.

გადის დრო და ყველაზე წარმატებულნი არიან ისინი, ვინც თავიანთ თავზე იღებენ ინიციატივას. მართალია, რთულია საქმის დაწყება, მაგრამ არსებობს ბევრი სახელმწიფო პროგრამა, რომლებიც ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, წარმოაჩინონ საკუთარი თავი.

ძალიან ბევრი წარმატებული ქალი ვნახე რეგიონებში, რომლებიც დაუბრუნდნენ მიწას, თავიანთ რეგიონს, იმიტომ, რომ აიღეს ინიციატივა, რადგან გაბედეს. ხშირ შემთხვევაში, ქალები უფრო გამბედავები არიან”, – განაცხადა პრეზიდენტმა და მოსახლეობას მეტი აქტივობისკენ მოუწოდა.

პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაიმართა. პრეზიდენტთან შეხვედრისას, ადგილობრივებმა აღნიშნეს, რომ ისინი რეგიონში გარემოსდაცვითი მიმართულებების გაძლიერების საჭიროებას ხედავენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

პრეზიდენტის განცხადებით, ის აპირებს ამ მიმართულებით როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ, საერთაშორისო გარემოსდაცვით კონფერენციებში მონაწილეობას და მაღალი ტრიბუნიდან ამ პრობლემის ხაზგასმას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები