13-14 ივნისს ბოლნისის მუნიციპალიტეტმა პირველ საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორგანიზებითა და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, 13 ივნისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, ბოლნისის პირველი საერთაშორისო ფორუმი „ადგილობრივი ხელისუფლება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებისთვის სოფლის მეურნეობაში და სოფლად“ ოფიციალურად გაიხსნა.
ღონისძიება პანელური დისკუსიის ფარგლებში მოეწყო, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა გახსნა და ფორუმის მნიშვნელობასა და მიზნებზე ისაუბრა.
,,ფორუმი დაფუძნდა მიმდინარე წელს და გულისხმობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში გამოცდილების გაზიარებას ადგილობრივ თვითმმართველობებს, ბიზნეს სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებას და ექსპერტებს შორის. აღნიშნული, მიმართული იქნება ადგილობრივი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თანამშრომლობის როლის გამოსაკვეთად სოფლის მეურნეობისა და სოფლად საზოგადოების ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად. მსგავსი ტიპის ყოველწლიური ფორუმი ხელს შეუწყობს საუკეთესო პრაქტიკასა და გამოცდილებაზე დაფუძნებულ ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებას“,- აღნიშნა დავით შერაზადიშვილმა.
ღონისძიების მიზანი იყო ადგილობრივი ხელისუფლების პოტენციალისა და როლის განსაზღვრა სოფლის მეურნეობასა და სოფლის მდგრად ეკონომიკურ განვითარებაში.
ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძე, „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ პროექტის ჯგუფის ხელმძღვანელი პიტერ კორსბი, პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში კატალინ გერმანი, საქართველოს პარლამენტის წევრი გოგი მეშველიანი. სტუმრები საქართველოდან, უკრაინიდან, ბელორუსიდან, მოლდოვადან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. წარმომადგენლობით დელეგაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა უმასპინძლა.
14 ივნისს, ღონისძიების ფარგლებში, ელიას მთაზე გაჭრილ ტერასებზე საზეიმოდ დაირგო სხვადასხვა ჯიშის ვაზის ნერგი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ფორუმის ფარგლებში მოწვეულმა საპატიო სტუმრებმა. პეტრე-პავლეს სახელობის მონასტრის ეზოში კი გაიმართა ღვინის დეგუსტაცია და ადგილობრივი პროდუქტების გამოფენა.
ღონისძიების ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ბოლნისში დამზადებული ღვინის შეფასება მოხდა. სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით ადგილობრივი მეღვინეები დააჯილდოვა. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი კასრაძემ, გაერთიანებას ,,ბოლნური ღვინო“ ადგილწარმოშობის დასახელების დამადასტურებელი პასპორტი გადასცა.
ღონისძიების ფარგლებში, მოწვეულმა სტუმრებმა, ბოლნისის ისტორიული უბანი დაათვალიერეს და შემორჩენილ კულტურულ მემკვიდრეობას გაეცნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები