მოსკოვში გოლუნოვის მხარდამჭერ აქციაზე 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს (ვიდეო)

200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს მოსკოვში გამომძიებელი ჟურნალისტის ივან გოლუნოვის მხარდამჭერ აქციაზე, რომლის ორგანიზატორთა მთავარი მოთხოვნა ჟურნალისტის დაპატიმრებაში მონაწილე პოლიციელების დასჯა იყო.
აქციის ორგანიზატორებმა 11 ივნისს, გვიან საღამოს “ფეისბუქზე” დაწერეს, რომ მათ ქალაქის მერიამ აქციის გამართვის ნებართვა არ მისცა და ამიტომ ისინი ხალხს ქუჩაში გასვლისა და დემონსტრაციაში მონაწილეობის მიღებისკენ ვეღარ მოუწოდებდნენ. მაგრამ აქციაზე წასვლის სურვილი სოციალურ ქსელში 25,000-მდე ადამიანმა გამოთქვა. ორგანიზატორების თქმით, მოქალაქეების თავისუფალი ნება იყო, მიიღებდნენ თუ არა მონაწილეობას აქციაში.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დემონსტრაციაში მონაწილეობა 1200-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო, აქედან 200-ზე მეტი სამართალდამცველებმა კანონის დარღვევისა და არასანქცირებულ დემონსტრაციაში მონაწილეობისთვის დააკავეს.
გამომძიებელი ჟურნალისტი ნარკოტიკების გასაღების მცდელობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა მალევე პოლიციამ მას ყველა ბრალდება მოუხსნა და შინაპატიმრობიდან გაათავისუფლა.
​აქციის მონაწილეებს გოლუნოვის მხარდამჭერი წარწერებიანი მაისურები ეცვათ. მათი თქმით, სურთ რომ ხელისუფლებაზე ზეწოლა გაგრძელდეს, რადგან რუსეთში ბევრია უმიზეზოდ დაპატიმრებული, რომელთა საქმეებიც “თეთრი ძაფით არის შეკერილი”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები