რა მდგომარეობაა თბილისში ქვეწარმავლების გავრცელების მხრივ – არის თუ არა პანიკის საფუძველი
“მიმდინარე სეზონზე დედაქალაქში ქვეწარმავლების გავრცელების მხრივ საგანგაშო მდგომარეობა არ არის”, – ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჰერპეტოლოგმა, შოთა ზანდუკელმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„წელს ვითარება არ არის შეცვლილი. ქვეწარმავლკების რიცხვი ქალაქში მომატებული არ არის. უბრალოდ, ინფორმაცია ვრცელდება სოციალური ქსელების მეშვეობით და ფონი იქმნება ისეთი, თითქოს, რაღაცა განსხვავებული ხდება. ქალაქში ვითარება არანაიარად არის შეცვლილი, ჩვეულებრივი რაოდენობა გვაქვს გამოძახებებისა, რაზეც უსწრაფესად ვრეაგირებთ. თუ ურბანულ გარემოში შეხვდებით ქვეწარმავალს, აუცილებლად ცხოველთა მონიტორინგის სააგნეტოს ცხელ ხაზს უნდა დაუკავშირიდეთ ნომერზე: 421-424, რომ რეაგირება მოვახდინოთ, დავიჭიროთ ქვეწარმავალი, მოსახლეობას ჩავუტაროთ შესაბამისი ინსტრუქტაჟი.
ქვეწარმავალს ისევ ბუნებრივ არეალში ვაბრუნებთ.
გამოძახებები, ძირითადად, აპრილიდან იწყება ხოლმე, პიკს აღწევს მაისსა და ივნისში. შარშან 140 გამოძახება იყო მაისის ჩათვლით, წელს 123-ია“, – განაცხადა ზანდუკელმა.
მისივე თქმით, დედაქალაქში შხამიანი გველების ბუნებრივი გზით მოხვედრა, თითქმის, შეუძლებელია.
„რაც შეეხება შხამიანი გველების გავრცელებას თბილისის მიდამოებში – თუ შევხედავთ სტატისტიკურ მონაცემებს, მათი გავრცელების არეალს, ჩვენ ეს პრობლემა არ გვაქვს. ანუ ქალაქის გარშემო შხამიანი გველები არ ბინადრობენ. თუ ბინადრობენ – ძალიან შორს. მათი ბუნებრივი გზით მოხვედრა ქალაქში თითქმის შეუძლებელია, თუმცა გამოძახებებისა და რეაგირებების შედეგად ყოველწლიურად შხამიანი გველის ერთი ან ორი შემთხვვეა გვქონია, რომელიც ქალაქში მოხვედრილა ავტომობილის საშუალებით. იყო შემთხვევა, როცა სამშენებლო მასალებსაც შემოჰყოლია.
ძირითადად, პანიკური სიტუაციები არის ტბების მიმდებარე ტერიტორიებზე – ლისის ტბა, კუს ტბა. თუმცა, მინდა, ყველა დავამშვიდო, იქ შხამიანი გველები არ ბინადრობენ. ამ კუთხით ნურავის შეეშინდება“, – განაცხადა ზანდუკელმა.
თამუნა შეყილაძე