საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრობის კანდიდატად ოლივიერ რუსსო დასახელდა
საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს 5 წევრი გამოვლინდა, რომელთა მონაცემები პარლამენტს დღეს გადაეგზავნება.
როგორც „კვირას“ საპენსიო სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს, სამეთვალყურეო საბჭომ, რომელშიც ჩართულია სამი მინისტრი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი და ჯანდაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო, იმ კანდიდატებს შორის, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს საინვესტიციო საბჭოს წევრობაზე, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით გამოავლინეს 5 ადამიანი.
შერჩეული 5 კანდიდატიდან რამდენიმე, ამჟამად, მსოფლიოს სხვა ქვეყნების სახელმწიფო საპენსიო სააგენტოებში მუშაობს – მათ შორის არის ოლივიერ რუსსო, რომელიც 2011 წლიდან არის საფრანგეთის საპენსიო სარეზერვო ფონდის ბორდის წევრი.
ოლივიერ რუსსო საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრობის კანდიდატი:
ოლივიერ რუსსო – 2011 წლიდან არის საფრანგეთის ნაციონალური საპენსიო სარეზერვო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი (co – CEO), რომლის უშუალო მოვალეობებში, ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან ერთად, შედის საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრა, საპენსიო აქტივების განთავსება და აქტივების მმართველების შერჩევა. საფრანგეთის საპენსიო სარეზერვო ფონდის აქტივების მიმდინარე მოცულობა 34 მილიარდ ევროზე მეტია.
ოლივიერ რუსსოს აქვს მმართველ თანამდებობებზე მუშაობის 21-წლიანი გამოცდილება ფინანსურ ბაზრებზე, მათ შორის, პარიზში, ლონდონში, ტოკიოში, სინგაპურში, ჰონგ კონგსა და სიდნეიში. მას აქვს, დამატებით, 12 წლის საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება, კერძოდ, 7 წელიწადი პარიზში, მაღალ თანამდებობაზე საფრანგეთის ხაზინაში და 5 წელიწადი სტოკჰოლმში – ეკონომიკური და ფინანსური მრჩეველი სკანდინავიის ქვეყნებში.
ოლივიერ რუსსო 2004-2006 წლებში იყო ლონდონში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორი და დირექტორთა საბჭოს წევრი საფრანგეთიდან. 1994 – 2003 წლებში ოლივიერ რუსსო მუშაობდა BNP Paribas – უდიდეს ფრანგულ საერთაშორისო საბანკო ჯგუფში ხელმძღვანელ თანამდებობებზე პარიზში, ლონდონში, ტოკიოში, სინგაპურში, ჰონგ კონგსა და სიდნეიში. ამ საბანკო ჯგუფის აქტივები 2 ტრილიონ ევროს აჭარბებს და 200,000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს მსოფლიო მასშტაბით. ამ თანამდებობებზე მუშაობისას მან მიიღო ძალიან დიდი და მრავალმხრივი გამოცდილება კაპიტალის ბაზრის პროდუქტების / ფინანსური ინსტრუმენტების, აქტივების მართვის და რისკების მართვის და კონტროლის მიმართულებებით. მის მიერ საფრანგეთის საპენსიო სარეზერვო ფონდის წარმატებული მართვისას გამოყენებული არის ყველაზე თანამედროვე რაოდენობრივი მეთოდები და მოდელები, ასევე, ინოვაციური მიდგომები.
რუსსოს მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში და, ასევე, მაგისტრის ხარისხი სამართალში და ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებებში Ecole Nationale d’Administration-დან (ადმინისტრირების ნაციონალური სკოლა), პარიზში.
R