„ახალგაზრდა ადვოკატები“: სასამართლო „VTB ბანკის“ საქმეზე ბოლო სხდომას გამართავს

მიმდინარე წლის 10 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია „VTB ბანკ ჯორჯიას“ ცენტრალური ფილიალის საოპერაციო განყოფილების ანგარიშების ყოფილი მენეჯერის უკანონო გათავისუფლების საქმეზე, დამასრულებელ სხდომას გამართავს.
როგორც ორგანიზაციაში – „ახალგაზრდა ადვოკატები“ აცხადებენ, სხდომა მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპიდან გაგრძელდება და მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ. შედეგად, პირველ ინსტანციაში საქმისწარმოება დასრულდება და სასამართლო უფლებამოსილია, საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადოს.
„საქმის მასალების მიხედვით, დგინდება, რომ ბანკიდან მენეჯერის გათავისუფლების ნამდვილი მიზეზი გახდა ბანკის კონკრეტული თანამშრომლებისა და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან არაერთგზის გამოხატული დამამცირებელი, ღირსების შემლახველი და შეურაცხმყოფელი მოპყრობა, რასაც საფუძვლად დაედო მათ შორის მოსარჩელის სოციალური კუთვნილება. ბანკმა არ მოახდინა მენეჯერის არც ერთ წერილობით მიმართვაზე რეაგირება. მოკვლევის გარეშე დარჩა დისკრიმინაციის ფაქტები. ბანკში შექმნილმა არაჯანსაღმა ურთიერთობებმა მწვავე ასახვა ჰპოვა გათავისუფლებულის ჯანმრთელობაზე, რასაც ადასტურებს სამედიცინო დაწესებულების ცნობები. დასაქმებულს სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება უწევდა თავად ბანკის შენობაშიც (აღნიშნულზე მიუთითებს სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 2017 წლის 30 მარტის N0503/456 წერილი), თუმცა ბანკმა არც ერთი შემთხვევაში, ჯანსაღი შრომის პირობების შექმნისთვის სათანადო ზომები არ მიიღო, რითაც დაირღვა კანონი, შრომითი ხელშეკრულება და შინაგანაწესი“,- აცხადებენ ორგანიზაციაში.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ინფორმაციით, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ბოლო ხელშეკრულება დაიდო 2014 წლის 1-ელ მარტს და მისი მოქმედების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 28 თებერვალი. მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება ითვლებოდა უვადოდ დადებულ კონტრაქტად, ბანკმა მხარეს 2015 წლის 25 თებერვალს სამუშაო ელექტრონულ ფოსტაზე აცნობა, რომ ბანკი შრომით ურთიერთობას მასთან 2015 წლის 1 მარტიდან აღარ გააგრძელებდა.
„ფორმალურ მიზეზად ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლა დასახელდა. იმ ფონზე, როცა ყველა დასაქმებულთან ხელშეკრულება გაგრძელდა, მოსარჩელე არ დაეთანხმა ბანკის იურიდიულ არგუმენტაციას და მოითხოვა წერილობითი ახსნა–განმარტება, შესაბამის უფლებამოსილ პირებთან შეხვედრა და საკითხში გარკვევა. ბანკმა 2015 წლის 1-ელი მარტიდან მოსარჩელე სამუშაო სივრცეში აღარ დაუშვა. მან მოითხოვა გათავისუფლების ბრძანება და აღნიშნა, რომ დარღვეულ უფლებებს სასამართლო წესით დაიცავდა, თუმცა ბანკმა თანამშრომლის პირადი საქმიდან ეს ბრძანება, ყოველგვარი განმარტების გარეშე, არ გასცა.
გათავისუფლების შესახებ ბრძანება მხარემ მხოლოდ ადვოკატის დახმარებით, 2017 წლის 27 თებერვალს მიიღო. ბრძანება გათავისუფლების შესახებ დათარიღებულია 2015 წლის 23 თებერვლის მდგომარეობით, როცა ბანკმა მხარეს 24 თებერვალს შეატყობინა მოსალოდნელი გათავისუფლება 2015 წლის 1 მარტიდან, თუმცა არ შეატყობინა, რომ ბანკს მისი გათავისუფლების თაობაზე ბრძანება უკვე მიღებული ჰქონდა. ბანკს აღნიშნული ვალდებულება გააჩნდა შინაგანაწესის თანახმად. ბანკმა პირი ჯერ გაათავისუფლა, ხოლო შემდგომ შეატყობინა შრომითი ურთიერთობის გაგრძელებაზე უარის თქმის თაობაზე.
სასამართლომ საქმეზე უკვე დაკითხა ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ჭიბოშვილი, საოპერაციო სამმართველოს უფროსი ირინა ხელაია, საოპერაციო სამმართველოს პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მენეჯერი ვერიკო ბოჭორიშვილი, საოპერაციო სამმართველოს პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი ანრი გოქსაძე და ამავე განყოფილების ყოფილი უფროსი მამუკა ქავზინაძე. სასამართლოს წინაშე მოწმის სახით გამოკითხული პირების შინაარსი კრიტიკას ვერ უძლებს. დგინდება ბანკიდან ყოფილი თანამშრომლის გათავისუფლების რეალური მიზეზები და ახალი ფაქტობრივი გარემოებები.
ამასთან, შემაშფოთებელია ტერმინოლოგია და სიძულვილის ენა, რომელიც ბანკის მოქმედი თანამდებობის პირების მხრიდან გათავისუფლებული მუშაკის მიმართ გამოითქვა. ამ თვალსაზრისით, საოპერაციო სამმართველოს უფროსის, ირინა ხელაიას ჩვენება მთლიანად დაეფუძნა შრომითი დისკრიმინაციის, მტრული გარემოს ჩამოყალიბებისა და სიძულვილის გამომხატველ ფრაზებს. მოსარჩელემ მოითხოვა ბანკის მაღალი მენეჯმენტის წევრების მოწმის სახით დაკითხვა, რათა სასამართლო მისულიყო დასკვნამდე მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების რეალურ მიზეზებთან დაკავშირებით“,- ნათქვამია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, საქმეზე მოთხოვნილია დისკირიმინაციის ფაქტის დადგენა, სადავო ბრძანების გაუქმება, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდური, მორალური ზიანის ანაზღაურება და სარეკომენდაციო წერილი–ცნობის გაცემა.
სარჩელი სასამართლოში 2017 წლის 27 მარტს დარეგისტრირდა. 2018 წლის 6 თებერვალს შედგა პირველი სხდომა. 2019 წელს საქმეზე შეიცვალა განმხილველი მოსამართლე და მას ამჟამად მაია გიგაური განიხილავს. სასამართლომ 2019 წლის 22 მარტის სხდომაზე, არ დააკმაყოფილა ბანკის წარმომადგენლის შუამდგომლობა პირველი სასარჩელო მოთხოვნის – შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში დასაქმებულის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენაზე განუხილველად დატოვების თაობაზე და აღინიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა შეფასებულიყო დავის ყველა გარემოების კვლევის შედეგად.
საქმეზე წარმომადგენლობას „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, ადვოკატი არჩილ კაიკაციშვილი და იურისტი ანა ფუტკარაძე ახორციელებენ. ბანკის ინტერესებს ყოფილი მოსამართლე, თამარ შუშიაშვილი იცავს.
შეგახსენებთ, რომ სხდომა 10 ივნისს, 11:00 საათზე, N58 სხდომათა დარბაზში გაგრძელდება.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები