„ნაციონალები“ იშლებიან“
არჩევნების შემდეგ ცვლილებებს “ნაციონალურ მოძრაობაშიც” ელოდებიან. პარტია აუცილებლად ორად გაიყოფა და ამ ინფორმაციას არაოფიციალურად ნაციონალების ოფისშიც ადასტურებენ. ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ წერს. როგორც გამოცემა იუწყება, დეტალები არ ხმაურდება. ჯერ არ ამბობენ, ვინ საით გადანაწილდება, ვინ დარჩება მიხეილ სააკაშვილის პარტიაში. თუმცა, ოპოზიციაში აცხადებენ რომ ეს დაშლა კი არა გაშლა და გაფართოება იქნება.
„პირველად ეს ფორმულა ლევან ბერძენიშვილმა გამოიყენა, მაშინ როცა თავად ოპოზიციაში იყო, ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ და ადგილობრივი არჩევნების შემდეგ დაიშალნენ. თუმცა, ამ განცხადებას ცოტა თუ ვინმემ დაუჯერა. მაინც ყველამ ჩათვალა, რომ ოპოზიციაში განხეთქილებაა და დაიშლებიან. ნაციონალები განხეთქილებას არ იმჩნევენ და ამბობენ, რომ ეს ტაქტიკური სვლა უფროა, ვიდრე განხეთქილება. ვარაუდობენ, რომ ცალკე გავლენ ეგრეთწოდებული ჟვანია-მერაბიშვილის „სასტავი“, გიგი უგულავა და სააკაშვილი კი ცალკე დარჩებიან. თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდებია და ძირითადად იმ სტერეოტიპებს ასხავს, სადაც ლიდერებს შორის გამყოფი ხაზები გადის. პარტია, სადაც ნაციონალები მასობრივად გადაინაცვლებენ, შოთა მალაშხიას პარტიაა. მისმა პარტიამ „ქრისტიან-კონსერვატორებმა“ ერთხელ უკვე იხსნა ზურაბ ჟვანია, როცა ის შევარდნაძის დროს უპარტიოდ დარჩა. მაშინ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ სწორედ შოთა მალაშხიას პარტიით იყარა კენჭი. ბევრს არ სჯერა, თუმცა, როგორც ოფიციალურად ირწმუნებიან, მალაშხიამ თავად შესთავაზა დახმარება და პარტია ზურაბ ჟვანიას. დეტალები არ ხმაურდება, მალაშხიას პარტია მალე სიმბოლური აღარ იქნება და ის სერიოზულად შეივსება. თუმცა ვინ გახდება პარტიის თავმჯდომარე რთული სათქმელია. ამბობენ, რომ შეიძლება ეს მართლაც ტაქტიკური სვლა იყოს და ნაციონალებმა გაყოფით ორმაგად ისარგებლონ იმ სარგებლით, რასაც პარტიებს კვალიფიციურის სტატუსი აძლევს“, – წერს გამოცემა.