ბოლნისის მერიის საკონფერენციო დარბაზში თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორისა და რეგიონალური მედიის წარმომადგენლებისთვის შეხვედრა გაიმართება
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორისა და რეგიონალური მედიის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ქვემო ქართლში – თემურ სუყაშვილი და მოწვეული ექსპერტი, ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი – გიორგი მუჩაიძე გაუძღვებიან. ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისთვის გაცემული გრანტის ფარგლებში მიმდინარე პროექტზე – „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში“, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ კურსზე, არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებზე.
“18-თვიანი პროექტის ფარგლებში, საინფორმაციო ცენტრის რეგიონალური ბიუროები გაძლიერდა და გაფართოვდა. ცენტრს დაემატა 5 ახალი რეგიონალური ბიურო და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ქვეყნის მასშტაბით 12 რეგიონალური წარმომადგენლობა აგრძელებს მუშაობას. პროექტის მეორე კომპონენტი მოიცავს რეგიონალური მედიაორგანიზაციების საშუალებით, საქართველოს რეგიონებში აღნიშნული თემების აქტიურ გაშუქებას.
აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც საინფორმაციო ცენტრმა ანტიდასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის სწორად ინფორმირებულობისა და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო.
პროექტის ფარგლებში, შეხვედრები, მრგვალი მაგიდის დისკუსიები და სემინარები რეგიონის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასთან და მუნიციპალიტეტების მერიებში გაიმართება”, – აცხადებენ ორგანიზატორები.