პრემიერ-მინისტრი სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით შექმნილ ღვინის საწარმოს ესტუმრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოფელ სადმელში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით შექმნილ კომპანია „შატრო ველის” ღვინის საწარმოში იმყოფებოდა, რომლის ჯამური ინვესტიცია 1 850 000 ლარია. პრემიერმა თანამედროვე დანადგარებით, ლაბორატორიითა და ჩამოსასხმელი ხაზით აღჭურვილი საწარმო დაათვალიერა და კომპანიის ხელმძღვანელებისგან წარმოების პროცესის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
კომპანიის ხელმძღვანელთა განმარტებით, საწარმო, რომელსაც სეზონურად 60 ტონამდე ყურძნის გადამუშავება შეუძლია, ამ ეტაპზე, 3 ტიპის ღვინოს აწარმოებს: ხვანჭკარა – წითელი, ნახევრად ტკბილი; ოჯალეში – წითელი, ნახევრად ტკბილი; ალექსანდროული – წითელი, მშრალი.
საწარმოს მშენებლობისა და აღჭურვისთვის კომპანიამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან 600 000 ლარის ოდენობის სახელმწიფო გრანტი და 800 000-ლარიანი შეღავათიანი აგროკრედიტი მიიღო, ღირებულების დარჩენილი ნაწილი კი კერძო ინვესტიციაა.
საწარმოში სეზონურად 10 ადამიანია დასაქმებული, მუდმივად დასაქმებულ პირთა შორის კი ორი მშობლიურ კუთხეს დედაქალაქიდან დაუბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები