მაია ცქიტიშვილი: ფოკაში და ფარავნის ტბაზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილობრივ მოსახლეობას სარგებელს მოუტანს
ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სამცხე-ჯავახეთში დაახლოებით 70 მილიონის 19 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რომელთაგან 15 პროექტი წელს დასრულდება. მათ შორის, აქტიურად მიმდინარეობს წალკის გზის 6-კილომეტრიანი მონაკვეთისა და ნინოწმინდა სომხეთის საზღვრამდე გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია. მინისტრის განმარტებით, უპრეცენდენტო მასშტაბის საგზაო სამუშაოების შედეგად მიღებული ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა საშუალებას მისცემს მოქალაქეებსა და უცხოელ ტურისტებს, უფრო მოხერხებულად მოინახულონ სამცხე-ჯავახეთის რეგიონი. ამის შესახებ მაია ცქიტიშვილმა წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით, სოფელ ფოკაში გამართულ ღონისძიებაზე ყოფნისას განაცხადა.
მინისტრმა მოსახლეობას წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღე მიულოცა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ სოფელ ფოკაში და ფარავნის ტბაზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. ვიცე-პრემიერის თქმით, დაგეგმილია უშუალოდ ფოკას დედათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურულად გაჯანსაღება.
„ეს პროექტი გულისხმობს ფოკას დედათა მონასტრის ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის, პარკინგების, საინფორმაციო ცენტრის, ვიზიტორთა ცენტრის, შესაბამისად, სუვენირების მაღაზიის შექმნას, ტურისტებისთვის შესაბამისი პროდუქციის შესაძენად. ასეთი ინფრასტრუქტურის შექმნით, ფოკას მონასტერი არა მხოლოდ მომლოცველებისთვის იქნება ძვირფასი და მნიშვნელოვანი სივრცე, არამედ ტურისტებისთვისაც, რომლებიც ისედაც მრავლად სტუმრობენ ამ მხარეს.
გარდა ამისა, უშუალოდ ფარავნის ტბასთან, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, მთავრობის გადაწყვეტილებით, აბულის და საღამოს ტბასთან ერთად, შეყვანილი იქნა დაცული ტერიტორიების ნუსხაში, განვითარდება შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურა. პროექტით გათვალისწინებულია, როგორც სანათლავის მოწყობა, რომელსაც რელიგიური და პილიგრიმული ტურიზმის დანიშნულებაც ექნება, აქვე იქნება მოწყობილი პარკინგის სივრცე, ბილიკები, დასასვენებელი სივრცე, იმისთვის რომ ტურისტებმაც დაისვენონ, ხოლო ადგილობრივმა მოსახლეობამ ეს ტბა აითვისოს როგორც ტურისტული, ისე დასვენების პერსპექტივით,“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები, ასევე, რეგიონისთვის სახასიათო არქიტექტურის ნიმუშის – გვირგვინით გადახურული დარბაზული სახლის აღდგენას, ობიექტების წყალმომარაგებისათვის ჭაბურღილისა და ბიოლოგიური საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას და მონასტრის ტერიტორიის კეთილმოწყობას მოიცავს.