დუშეთში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს
დუშეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელ ჩოხში გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმი შენდება. რეაბილიტაცია უტარდება ოძისის, ჩირიკის, აბანოსხევის, ზანდუკის, პირმისაანთკარისა და ჭილურტის საჯარო სკოლებს.
დუშეთში მიმდინარეობს.ისტორიული უბნების რეაბილიტაციაც. პროექტი 40 ისტორიული სახლის რესტავრაციას (რომელთაგან 24 კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელია) და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას ითვალისწინებს.მიმდინარეობს ანანურის ციხე-კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებიც.
პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა და პარკირების სივრცე, განთავსდება თანამედროვე ტიპის სავაჭრო ჯიხურები, უკვე შენდება საზოგადოებრივი ცენტრი.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებიც წარმოებს. რეაბილიტაცია უტარდება შიდა საუბნო გზებს და სანაპიროსთან მისასვლელ გზას სოფელ ანანურში, ჩანადირთკარი-საკრამულის დამაკავშირებელ გზას, გზას ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში. მიმდინარეობს გოგებაშვილის ქუჩის, აღმაშენებლის ქუჩის მონაკვეთისა და ბაჩანას ქუჩიდან აღმაშენებლის ქუჩამდე მონაკვეთის მოასფალტება.
რეაბილიტაცია უტარდება წყალმომარაგების სისტემასაც დუშეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში – ბარისახოში, ზოტიკიანთკარში, შალიკიანთკარში, ზემო არანისში და უნდილაანთკარში.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შერჩეული პროექტები ხორციელდება სოფლებში – ლამოვანი, წითელსოფელი, ნაგლიანთკარი, ბიჩნიგაურები, დუდაურები და ქერანა.