ხულოში, განათლების რეფორმის ფარგლებში, საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილი 96 პედაგოგიდან 86-მა სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ჯილდოს მიღება გადაწყვიტა. ისინი განათლების სამინისტროსგან ერთჯერადად ორი წლის ხელფასს მიიღებენ და სადაზღვევო პაკეტი სიცოცხლის ბოლომდე შეუნარჩუნდებათ.
82 წლის ნაზი ნიჟარაძე 58 წელია დაბა ხულოს საჯარო სკოლაში ბიოლოგიას ასწავლის. მის ხელში მრავალი თაობა აღიზარდა, თუმცა წელს ის სკოლას ემშვიდობება. ნაზი ნიჟარაძე სამინისტროს მიერ განათლების რეფორმის ფარგლებში შემოთავაზებულ ჯილდოს დათანხმდა. “კვირასთან” საუბრისას არ მალავს, რომ მოსწავლეების დატოვება უჭირს და სკოლიდან წასვლა არ სურს. ჯილდოზე თანხმობის მიზეზად, მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდას ასახელებს. ფიქრობს, რომ უნარებს ვერ ჩააბარებს და ასპარეზს ახალგაზრდებს უთმობს.
“ჩემი აზრით, სამინისტრომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო იმ პედაგოგებისთვის, ვისაც სკოლაში წასვლა ფიზიკურად აღარ შეუძლია. ეს ერთგვარი დაფასებაა ჩვენი ამ დრომდე მოღვაწეობის, თუმცა, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა, რადგან რთულია, 58-წლიანი მუშაობის შემდეგ, უარი თქვა ამ ყველაფერზე და უბრალოდ სახლში წახვიდე. მაგრამ ისიც მესმის, რომ ახლა უკვე ახალგაზრდების დროა”, აღნიშნა ნაზი ნიჟარაძემ.
ნაზისგან განსხვავებით, ჯილდოს მიღებაზე უარი განაცხადა ამავე სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელმა – თინა ბოლქვაძემ. “კვირასთან” საუბრისას, 67 წლის პედაგოგი რეფორმას უარყოფითად აფასებს. მისივე თქმით, უმჯობესი იყო სამინისტროს ასეთი ღვაწლმოსილი პედაგოგებისათვის პენსია გაეზარდა. პედაგოგი, რომელიც სქემაშია ჩართული მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდისთვის ემზადება, რისი ჩაბარების იმედიც აქვს.
“სამინისტროს შემოთავაზება ჩემთვის მიუღებელია, რადგან ვფიქრობ, ღვაწლმოსილი პედაგოგები პენსიის გაზრდით უნდა დაეფასებინა. მე, პირადად, არ ვაპირებ სახლში წასვლას. ვემზადები გამოცდებისთვის და ჩემს საყვარელ საქმიანობას კვლავ გავაგრძელებ”, – ამბობს თინა ბოლქვაძე.
ხულოს მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ედუარდ მიქელაძე კი სახელმწიფოს მხრიდან პენსიონერი პედაგოგებისთვის შეთავაზებულ რეფორმას დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ ეს არ გამოიწვევს სკოლებში პედაგოგების დეფიციტს, რადგან მასწავლებელთა მსურველი ბევრი ახალგაზრდა სპეციალისტია.
მიქელაძე “კვირასთან” ინტერვიუში განმარტავს, რომ 49 საჯარო სკოლაში 6 პენსიონერი, უფროსი მასწავლებელია, რომლებმაც ჯილდოს მიღებაზე უარი განაცხადეს, ხოლო 4 პენსიონერს გამოცდაზე კომპეტენციის დადასტურება მოუწევს.
“განათლების სამინისტროს მიერ დაგეგმილ ცვლილებას დადებითად აფასებენ თავად პენსიონერი პედაგოგებიც, მათი შეფასება ჯილდოს მიღებაზე პედაგოგების თანხმობამაც აჩვენა. 96 პენსიონერი პედაგოგიდან ჯილდოს ასაღებად რეგისტრაცია 85-მა პედაგოგმა გაიარა. 6 არის უფროსი მასწავლებელი, რომლებმაც ისურვეს სკოლაში მუშაობის გაგრძელება, ხოლო 4 პედაგოგს სურვილი აქვს გავიდეს გამოცდაზე. ამასთან, მე არ ვფიქრობ, რომ პედაგოგების სკოლიდან წასვლა გამოიწვევს სპეციალისტების ნაკლებობას. პირიქით, გასულ წელს, რამდენიმე ახლადდამთავრებულმა სპეციალისტმა ისურვა სკოლაში მუშაობის დაწყება, რამდენიმე მათგანი ხელშეკრულებით გვყავს აყვანილი, რომლებმაც გამოავლინეს თავიანთი შესაძლებლობები და არაერთ წარმატებასაც მიაღწიეს”, – აღნიშნა ხულოს რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ მიქელაძემ.
შეგახსენებთ, რომ პედაგოგების საპენსიო რეფორმა შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრმა 14 მაისს მიიღო. განათლების რეფორმის ფარგლებში, საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია, ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე, 2019 წელს სახელმწიფოსგან მიიღონ ერთჯერადი ფულადი ჯილდო – ორი წლის ჯამური ხელფასი; ამასთან, შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი მთელი სიცოცხლის განმავლობაში (საჯარო სკოლების მასწავლებელთა ჯანმრთელობის სადაზღვევო ვაუჩერის პირობების შენარჩუნებით). იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი ვერ დააკმაყოფილებს მინიმალურ კომპეტენციას, ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ უნდა აცნობოს განათლების სამინისტროს 2019 წლის ბოლომდე.