სოფელ ზარიძეებში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის წარმომადგენლები თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეებში მოსახლეობას შეხვდნენ და საპილოტო არეალზე ჩატარებული სამუშაოები შეაჯამეს. მათ მოქალაქეებს პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები გააცნეს და სტატისტიკური მონაცემები განიხილეს. პროექტის წარმომადგენლებმა ადგილობრივი მოსახლეობის კითხვებსაც უპასუხეს და მათი მოსაზრებები მოისმინეს.
როგორც „კვირას“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში, სოფელ ზარიძეების საპილოტო არეალზე 2488 მიწის ნაკვეთია იდენტიფიცირებული, რომელთაგან უკვე რეგისტრირებულია – 1640.
„თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ზარიძეები ერთ-ერთია იმ 12 დასახლებიდან, რომლებშიც, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი მიმდინარეობს. საპილოტო პროექტი მიწის რეგისტრაციის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს და წინასწარ შერჩეულ გეოგრაფიულ არეალებზე სისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, საპილოტო არეალებზე სრულად აიზომება დადარეგისტრირდება კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწისნაკვეთები; შეიქმნება მონაცემთა ერთიანი ბაზა; მესაკუთრები, რომლებიც მიწის ნაკვეთებს სათანადო საბუთების არქონის, დოკუმენტებში არსებული ხარვეზების, სამეზობლო დავების, საკადასტრო აზომვითი ნახაზისთვის საჭირო საფასურის თუ სხვა მიზეზების გამო ვერ ირეგისტრირებდნენ, ნაკვეთების რეგისტრაციას უფასოდ, მარტივად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლებენ; ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე ჩაერთვება“, – აცხადებენ სააგენტოში.