ბათუმის ვიცემერის ადვოკატი ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლებას ითხოვს
ბათუმის ყოფილი ვიცემერის, ბაგრატ მანველიძის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოთი გათავისუფლების მოთხოვნას გეგმავს. ბაგრატ მანველიძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით დღეს ოფიციალურად წაუყენეს. აღნიშნული მუხლი თანამდებობის ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.
ამასთან, დღესვე ბრალი სხვა დაკავებულებსაც წარუდგინეს. გიორგი ერმაკოვს, ეგარსლან ლომაძესა და არჩილ ვანაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე და 182-ე მუხლით წაუყენეს, რაც დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. დანარჩენ დაკავებულებს კი გამოძიება მხოლოდ სამსახურეობრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებას ედავება. ბრალდებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და ბრალს არ აღიარებენ.
პირველი სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.
ცნობისთვის, გუშინ აჭარაში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა. დაკავებულები არიან ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები – საქმე „იაფი სახლის“ პროექტსა და დაკარგულ ასობით ათას ლარს ეხება.
პროკურატურა აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, ბათუმის ყოფილ მერს და მოქმედ ვიცე-მერს, ასევე სხვა თანამშრომლებს – ყველას, ვინც წარსულში სატენდერო კომისიაში იყო ჩართული, თანხის გაფლანგვასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.