ექსპერტი: ლარის მიმდინარე გაუფასურებას მოკლევადიანი ხასიათი აქვს

საბანკო და საფინანსო საკითხების ექსპერტი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე აცხადებს, რომ ლარის მიმდინარე გაუფასურებას მოკლევადიანი ხასიათი აქვს, – ამის შესახებ ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
ექსპერტის შეფასებით, ლარის კურსში უკვე ასახულია უარყოფითი მოლოდინები და ლარის გაუფასურებაც მოკლევადიან ხასიათს ატარებს, რადგან ეკონომიკის, პრაქტიკულად, ყველა ფუნდამენტური ფაქტორი, რამაც შეიძლება, გავლენა იქონიოს ლარის კურსზე, გაუმჯობესებულია, მათ შორის შემცირებულია სავაჭრო ბრუნვის დეფიციტის მაჩვენებელი.
„ლარმა გარკვეული რყევა თებერვლის დასაწყისში დაიწყო. უნდა ვიცოდეთ, რომ წლის დასაწყისიდან, ზოგადად, მყარდებოდა დოლარი და ჩვენს ძირითადად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში იყო ეკონომიკის შენელება, ვგულისხმობ რუსეთსა და თურქეთს. ზოგადად, ლარის მიმოქცევაზე ორი ფაქტორი მოქმედებს ხოლმე, ერთია გარე ფაქტორები და მეორე – შიდა ფაქტორები. თავის მხრივ, ეს შეიძლება, აისახოს როგორც გრძელვადიან ფაქტორებში, ისე – მოკლევადიანში. მაგალითად, გრძელვადიანი ფაქტორი ეს არის ძირითადი მაკროფაქტორები. ამაზე ჩვენ შეფასება გავაკეთეთ იანვარ-აპრილის მიხედვით, როგორი იყო წმინდა ექსპორტის ზრდის დინამიკა, როგორია ფულადი გადმორიცხვების დინამიკა, როგორია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები. ამას რატომ ვუსვამ ხაზს – საბოლოოდ, ლარის კურსის ქცევაზე ზემოქმედებს სავალუტო შემოდინებების ბალანსი; ანუ თუ ეს ბალანსი არის დადებითი, მოქმედებს დადებითად და თუ არის უარყოფითი, ბუნებრივია, მოქმედებს უარყოფითად. კიდევ ერთი ფაქტორი არის ის, თუ როგორ იყო კომერციული ბანკების მიერ ამ პერიოდში დოლარის ყიდვა ან გაყიდვა. ყველა ეს ფაქტორი, მათ შორის ბანკების მიერ ყიდვა-გაყიდვის მოცულობების ნეტო მაჩვენებელი, იყო დადებითი. ეს ნიშნავს იმას, რომ შიდა ფაქტორებს ლარის კურსზე, პრაქტიკულად, ზეგავლენა არ მოუხდენია. კიდევ ერთი მთავარი ფაქტორია ეკონომიკური ზრდა. ჩვენ ვნახეთ, რომ ეკონომიკური ზრდა არ შენელებულა, პირიქით. აბა, რა მოქმედებს? ძირითადად, მოქმედებდა ამერიკული დოლარის მოქმედება გლობალურ ბაზრებზე, ნავთობის გაძვირება, ეს ნეგატიურად აისახება იმიტომ, რომ ჩვენ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ და, შესაბამისად, გაძვირებული მოცულობა იწვევს ვალუტის გადინებას ქვეყნიდან. ეს მოქმედებდა და ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, ხაზს ვუსვამ, ეს არის რუსეთი და თურქეთი, ეკონომიკა მნიშვნელოვნად შენელდა.
ასევე, მთავარი ფაქტორი, რატომაც ლარმა რყევა დაიწყო, ეს არის მოლოდინი. ზოგადად, მცირე ეკონომიკის ქვეყნებს, მცირე სავალუტო ბაზრებსა და შედარებით ნაკლებ დივერსიფიცირებულ ეკონომიკებს ახასიათებთ ხოლმე ამ ტიპის რყევები და მოლოდინები. ამ წუთში რაც არის, წმინდა ფსიქოლოგიური ფაქტორია.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – უკვე გამოქვეყნდა აპრილის მონაცემები . ჩვენ ვნახეთ, რომ საკმაოდ კარგი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. გაუმჯობესებულია როგორც საწარმოთა ბრუნვის მაჩვენებელი, ასევე – წმინდა ექსპორტი. საგარეო სავაჭრო ბალანსი გაუმჯობესებულია, თანხობრივად ეს არის 260 მილიონზე მეტი. ანუ 260 მილიონზე მეტი დოლარი დარჩა ქვეყანაში, ვიდრე – შარშან. საგარეო მოწყვლადობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული. ერთი მხრივ, ეკონომიკური ზრდა, მეორე მხრივ საგარეო მოწყვლადობის შემცირება არის შედეგი იმ რეფორმებისა, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს. პირველ ყოვლისა, მინდა, ხაზი გავუსვა ლარიზაციის პროგრამას.
ლარის კურსის გაუფასურება ამოწურულია. ეს გარე ფაქტორები, ამ ეტაპზე, რომლებმაც გამოიწვია ლარის კურსის რყევა, არის ამოწურული, რაც ახლა არის, ინერცია ჰქვია ამას – წმინდა ფსიქოლოგიური ფაქტორებითაა გამოწვეული“, – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.
ცნობისთვის, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8023 ლარია.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები