ოთარ ანგურიძე: იკვეთება, რომ კონსორციუმს გარკვეული სახის პრობლემები აქვს და ცდილობენ, ნებისმიერი პრობლემა გაამართლონ
„როგორც ჩანს, კონსორციუმს გარკვეული სახის პრობლემები აქვს ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით და ნებისმიერ გზას იყენებს, რომ ეს პრობლემები გაამართლოს“, – ამის შესახებ ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში, ოთარ ანგურიძემ ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ექსპერტმა განმარტა, საწყის ეტაპზევე არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და აჟიოტაში ანაკლიის გარშემო ხელოვნურად ატყდა.
„ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციის შემდეგ, რომ ეს არ იყო ოფიციალური ნებართვა, ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა აჟიოტაჟი გადამოწმების გარეშე ატეხა. მათ შეეძლოთ, ეს ინფორმაცია სახელმწიფო უწყებებთან გადაემოწმებინათ: ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, რომელთანაც ინტენსიური კავშირი აქვთ; ასევე, ეკონომიკის სამინისტროსთანაც, რომელთაც წინასწარი შეფასების დოკუმენტი გასცეს. როგორც ჩანს, კონსორციუმს გარკვეული სახის პრობლემები აქვს ამ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით და ნებისმიერ გზას იყენებენ იმისთვის, რომ გაამართლონ ის პრობლემები, რომლებიც ანაკლიის პოსტის მშენებლობასთანაა დაკავშირებული“ , – განაცხადა ოთარ ანგურიძემ.
რაც შეეხება იმ პირს, რომელმაც ფოთში ღრმაწყლოვან პორტზე ნებართვა გასცა და შემდეგ გაათავისუფლეს – ექსპერტის თქმით, მან დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება და კომუნიკაცია მინისტრთან, ან თუნდაც მის მოადგილესთან, არ ჰქონია.
„ის არ იყო კომუნიკაციაში იმ ზემდგომ პირებთან და დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება, ამან კი დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ნებისმიერ თანამდებობის პირს უფრო ფართო ხედვა უნდა ჰქონდეს და წინასწარ უნდა შეეძლოს მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა“, – განმარტა ანგურიძემ.