ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია 12 ივნისს დაიწყება

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 2019-2020 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა მიღების მიზნით, ელექტრონული რეგისტრაცია 2019 წლის 12 ივნისს დაიწყება.
როგორც თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ განაცხადა, რეგისტრაცია წარიმართება ორ ეტაპად  თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.ge
პირველი ეტაპის რეგისტრაცია დაიწყება 12 ივნისს 12:00 საათზე და რეგისტრაციას შეძლებენ:
1. სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები;
2. სსიპ „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ ფილიალის, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების) მოწერილობის საფუძველზე;
3. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;
4. იმ ოჯახის ბავშვები, რომელთა შვილები სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით;
5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირების შუამდგომლობის საფუძველზე;
6. მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები.
აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებისა და მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მშობლების ბავშვების რეგისტრაცია არ მოხდება ელექტრონულად და აუცილებელი იქნება შესაბამისი დოკუმენტების წარდგენა საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.
რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება 19 ივნისს, 12:00 საათზე და ელექტრონულად დარეგისტრირებას შეძლებს ყველა სხვა აპლიკანტი, რომელიც არ შედის პირველ ეტაპზე დასარეგიტრირებელთა კატეგორიებში. ამასთან, რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ერთ საჯარო ბაგა-ბაღში.
აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელიც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში (და არა რეგისტრაციის მომენტში) იქნება 2 წლის.
წელს საბავშვო ბაღების ჩამონათვალს დაემატება ახლადაშენებული 4 საბავშვო ბაღი, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიხსნება. შედეგად, თავისუფალი ადგილების რაოდენობა წელს 15 000 იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები