რუსთავში გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო
რუსთავში გარეგანათების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და ეტაპობრივად ქალაქის მთელ ტერტორიაზე ენერგოეფექტური დიოდური(LED) სანათები განთავსდება. აღნიშნულ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
მერიის ინფორმაციით, ა(ა)იპ “რუსთავსერვის ცენტრმა” ენერგოეფექტური დიოდური(LED) სანათები ქალაქის სხვადასხვა უბანში, მათ შორის სანაპიროს, გონაშვილის, მოდებაძის, რუსთაველის, ჯავახიშვილისა და ფანცულაიას ქუჩებზე, ასევე, მე-15, მე-16, მე-17 და მე-19 მიკრორაიონებში უკვე დაამონტაჟა.
“დღეისთვის, სამუშაოების ფარგლებში, ქალაქის მასშტაბით, 430 დეკორატიული სანათია დამონტაჟებული.
გარე განათების რეაბილიტაციისთვის, ა(ა)იპ “რუსთავსერვის ცენტრმა” პირველ ეტაპზე, 1600 სანათი შეიძინა, კიდევ 600 ერთეულზე კი ტენდერია გამოცხადებული.
ახალი, ენერგოეფექტური ნათურები, უახლოეს მომავალში მე-8, მე-12, მე-20, 21-ე მიკრორაიონებში, ლომოურის, მელიქიშვილის, ახმეტელის, მესხიშვილის, ქუთაისის, ტაშკენტისა და აღმაშენებლის ქუჩებზე, რუსთავის შემოსასვლელიდან იუსტიციის სახლამდე არსებულ ტერიტორიაზე, ტაშკენტის ქუჩიდან ფეხბურთის აკადემიამდე და რუსთაველის ქუჩის ბოლოს, სადგურის მოედანზე დამონტაჟდება”, – აღნიშნულია რუსთავის მერიის განცხადებაში.