დღეიდან კოტე აფხაზის ქუჩაზე ახალი, მწვანე N71 ავტობუსი იმოძრავებს
ახალი, მწვანე MAN-ის მარკის ავტრობუსები დღეიდან N71 მარშრუტზე გავიდნენ.
როგორც „კვირას“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, აღნიშნული მარშრუტი მცირედით შეიცვალა და ავტობუსები ბარათაშვილის ქუჩისკენ უკვე კოტე აფხაზის (ყოფ. ლესელიძის) ქუჩის გავლით იმოძრავებს. აქამდე კოტე აფხაზის ქუჩას ავტობუსები არ ემსახურებოდა.
უახლოეს პერიოდში კოტე აფხაზის ქუჩაზე დამატებით N50 და N55 ავტობუსებიც ივლის. სამივე მარშრუტი დედაქალაქის გარეუბნებს ბარათაშვილის ქუჩასთან აკავშირებს: N71 – ვარკეთილიდან, N50 ვაზისუბნიდან, ხოლო N55 – წმ. ბარბარეს უბნიდან მოძრაობს.
ავტობუსებით მომსახურებისთვის კოტე აფხაზის ქუჩის 18, 32 და 47 ნომრებთან, ასევე, თავისუფლების მოედანზე „საქართველოს ბანკის“ მიმდებარედ, გაჩერებები განისაზღვრა და შესაბამისი ნიშნები დამონტაჟდა.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან ლესელიძეზე ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედება იგეგმება, ამიტომ, დედაქალაქის მერიამ ქუჩის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების გაუმჯობესების გადაწყვეტილება მიიღო.