„არემჯის“ მხარდაჭერით, სტუ-ში გეოლოგების სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების მიერ ორგანიზებული მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა.
როგორც “კვირას” კომპანია „არემჯიდან” აცნობეს, სამეცნიერო წრეებსა და მძიმე მრეწველობის დარგში უკვე მეორე წელია, ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების გენერალური სპონსორი კომპანია „არემჯია“.
ორდღიანი კონფერენცია გეოლოგიის დარგში მოღვაწე 32 მომხსენებლის გამოსვლასა და 10 თემატურ სასტენდო მოხსენებას აერთიანებს, რომელიც 29-30 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში იქნება წარმოდგენილი.
წელს კონფერენცია გეოლოგიის, სამთო საქმისა და გარემოსდაცვითი პრობლემების შეფასებისა და გადაწყვეტის ეფექტური გზების მოძიებას ისახავს მიზნად. სწორედ ამ თემებზე გაამახვილებენ ყურადღებას როგორც ქართველი, ასევე – კონფერენციაში მონაწილე უცხოელი მომხსენებლები.
„არემჯისა“ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმი მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას რამდენიმე მიმართულებით ითვალისწინებს. კომპანია დარგში არსებული სხვადასხვა სახის სამეცნიერო კონფერენციის მთავარი მხარდამჭერია, ასევე, ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამისი პროფილის სტუდენტები ყოველ წელს გადიან სასწავლო პრაქტიკებს „არემჯის“ საწარმოებში. წელს კომპანიის დახმარებით თანამედროვე ხელსაწყოებით აღიჭურვება სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის შრომის უსაფრთხოების ლაბორატორია, ასევე ტექნიკური უნივერსიტეტის 18 სტუდენტი ყოველთვიურად მიიღებს „არემჯის“ მიერ დაწესებულ სტიპენდიას.
„მოხარული ვარ, რომ დღეს „არემჯის“ გუნდი საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის საზეიმო გახსნას დაესწრო. ვფიქრობ, რომ გეოლოგიის დარგის სიძლიერე ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა. სწორედ ამიტომ, მაქსიმალურად გვინდა, ტექნიკურ უნივერსიტეტს ხელი შევუწყოთ როგორც პროფესიონალი კადრების გაზრდაში, ასევე – შემდგომში მათ დასაქმებაში”, – განაცხადა „არემჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე ლიპარტიამ.