საქართველოს პრემიერმინისტრი შემოდგომაზე ახალ პროგრამას წარადგენს

„ახალი პროგრამა განათლების, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისა და სიღარიბესთან ბრძოლის მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს მოიცავს“, – ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ „ტვ პირველის“ თოქშოუ „რეაქციაში“ სტუმრობისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, სახელმწიფოს მშენებლობის ფუნდამენტი სამი ძირითადი საკითხია, რომელთა მოგვარების გარეშე სახელმწიფოს განვითარებაზე საუბარი წარმოუდგენელია.
მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია მესამე კომპონენტი – სიღარიბესთან ბრძოლა, რათა იმ მომენტში, როდესაც ქვეყანა ცდილობს, თავი დააღწიოს სიღარიბეს, განვითარდეს, ამ კალაპოტს მიღმა არ დარჩეს მოსახლეობა, რომელსაც არ აქვს წვდომა ელემენტარულზე – მათ შორის, საკვებზე.
„პირველი არის განათლება, რომელიც არის ჩვენი ეროვნული იდეა, რომ თითოეული ადამიანი იყოს დარწმუნებული, რომ მას აქვს წვდომა უმაღლესი სტანდარტის განათლებაზე, რომელიც უზრუნველყოფს მის მყისიერ დასაქმებას მას შემდეგ, რაც ის დაასრულებს განათლების პროცესს. მეორე – წვდომა ჯანდაცვაზე. თითოეულ ადამიანს, იმის მიუხედავად, რა ფინანსური შესაძლებლობა აქვს, სად ცხოვრობს ქალაქში თუ სოფლად, უნდა ჰქონდეს გარანტია და განცდა, რომ აქვს წვდომა ადეკვატური ჯანდაცვის სისტემაზე. მესამე – ეს არის წვდომა საკვებზე. ჩვენ ვებრძვით სიღარიბეს, სიღარიბესთან ბრძოლა – ეს არის კომპლექსური პრობლემა. რომელიღაც პოლიტიკოსის მხრიდან საზოგადოებისთვის ილუზიის შექმნა, რომ ეს 2-3 თვეში დამარცხებადი პრობლემაა, ყველაზე იაფფასიანი პოპულიზმია. აქედან გამომდინარეა ეს მესამე კომპონენტი მნიშვნელოვანი, რომ იმ მომენტში, როდესაც ქვეყანა ცდილობს, თავი დააღწიოს სიღარიბეს, განვითარდეს, ამ კალაპოტს მიღმა არ დარჩეს მოსახლეობა, რომელსაც არ აქვს წვდომა ელემენტარულზე – მათ შორის საკვებზე. აქედან გამომდინარე, ჩვენი ხედვაც არის ზუსტად ასეთი, რომ ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ეს მინიმალური სტანდარტი. ამას ავტომატურად ემატება უსაფრთხოება და სამართლიანობის განცდა, რაც ყველა სახელმწიფოს ფუნდამენტშია და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ სახელმწიფოს განვითარებაზე და სხვა ეტაპზე გადაყვანაზე“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.
მთავრობის მეთაურს აქვს მოლოდინი, რომ ახალი პროგრამის წარდგენისას ოპონენტებს ექნებათ იგივე შეფასებები, როგორიც 600 ათასი ადამიანისთვის ვალების განულებისას ჰქონდათ და ამას არჩევნებს დაუკავშირებენ.
„ჩვენ ვმუშაობთ ამ პროგრამებზე, ვინაიდან გვესმის, რამდენად მტკივნეულია მოსახლეობისთვის ეს საკითხები. როდესაც მოხდება ამის შემოდგომაზე წარდგენა, ჩვენი ოპონენტები დაიწყებენ ზუსტად იგივე თემაზე აპელირებას, როგორც ეს 600 ათასი ადამიანისთვის ვალების განულების პროგრამაზე მოხდა მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე მქონდა ეს დაანონსებული, მაგრამ ეს არ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. საზოგადოებას აქვს კონკრეტული პრობლემა, მან გამოგვიცხადა ნდობა, ჩვენ მათ წინაშე ანგარიშვალდებული ვართ, ეს პრობლემები უნდა მოვაგვაროთ. ჩვენ ამით ვხელმძღვანელობთ. მთავრობის პროგრამა უნდა იყოს ქვეყანაში არსებული პრობლემების ადეკვატური  იმის მიუხედავად, ტარდება თუ არა არჩევნები. თითოეულ ნაბიჯზე გვესმის, რომ ამას ვაკეთებთ არჩევნებისთვის. ჩემთვის ყველაზე პრინციპულია, საქართველოში დავამკვიდროთ სტანდარტი, რომ ნებისმიერი ხელისუფლება თავისი რესურსის ინვესტირებას ახდენს არა მომავალ არჩევნებში, არამედ ქვეყნის მომავალში“, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები