ბექა დავითულიანი: არჩევნების წაგების შემდეგ ოპოზიცია მგონი შოკშია და არ იცის, რას ლაპარაკობს

„არჩევნების ყველა ოლქში წაგების შემდეგ, ოპოზიცია მგონი შოკშია და აღარ იცის, რას ლაპარაკობს“, – ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბექა დავითულიანი ოპოზიციის ბრალდებებს დედაქალაქის მთავრობის მიერ 12-მილიონიანი სესხის აღებასთან დაკავშირებით.
ბექა დავითულიანის განმარტებით, მერიისთვის საკრედიტო ხაზის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება საკრებულომ რამდენიმე თვის წინ მიიღო, ახლა კი აღნიშნული თანხა ანგარიშზე აისახა.
„ოპოზიციამ, მინიმუმ, ის მაინც უნდა იცოდეს, რომ ეს არის 2 თვის წინ მიღებული სწორი გადაწყვეტილების შედეგი და არა  – სიახლე. სესხის აღებაზე დედაქალაქის მთავრობას, დაახლოებით, 2 თვის წინ მივეცით თანხმობა. ამ თანხით ხდება საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მეტროს რეაბილიტაცია და სხვა. იმისათვის, რომ თბილისში სამუშაოები წინმსწრებად დაწყებულიყო და დრო არ დაგვეკარგა, კომერციული ბანკებისგან თანხა ვისესხეთ და მას ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერის განხორციელებისთანავე დავაბრუნებთ. ეს არის საგარანტიო თანხა, რომლის ათვისებაც, დიდი ალბათობით, არ მოგვიწევს“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
რაც შეეხება კერძო პირებისთვის მიწების ადგილმონაცვლეობის საკითხებს, რომლებსაც საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ – ბექა დავითულიანის თქმით, ადამიანებს, რომლებსაც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღების შემდეგ, ან რაიმე სხვა მიზეზით პირობები გაუუარესდათ, დედაქალაქის მთავრობა ადგილმონაცვლეობას სთავაზობს.
„ეს კეთდება იმისთვის, რომ არ დაირღვეს არც მესაკუთრეთა უფლებები და არც ქალაქის სწორად განვითარების ინტერესები. ასეთ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, პრაქტიკულად, ყველა სხდომაზე, ეს ძალიან სწორია და ჩემთვის სრულიად გაუგებარია ოპოზიციის ბრალდებები“, – აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები