რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები აქციას მართავენ
ამ წუთებში, რუსთავში რუსთავი-თსუ-ის მაღლივი კორპუსის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები აქციას მართავენ. კომპანია “ინტერტრანსმა” თეთრი ფერის სამარშუტო ტაქსების მძღოლებს ხელშეკრულება შეუწყვიტა და მათ ყვითელ მიკროავტობუსებზე გადასვლას სთხოვს.
რუსთავის ზედამხედველობის სამსახურმა გუშინ უკვე დააჯარიმა რამდენიმე მძღოლი, რომელიც უნებართვოდ გადაადგილდებოდა.
მძღოლებთან ერთად აქციას მგზავრებიც შეუერთდნენ.
რუსთავის მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსის მოადგილე, ზაზა ზაზაძე “კვირასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ, ამ ეტაპზე, აქციის მონაწილეებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. როგორც ის განმარტავს, დაჯარიმება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც უნებართვოდ გადაადგილდებიან. მისი თქმით კი #19 სამარშუტო ტაქსების მძღოლებთან ხელშეკრულება კომპანიის მხრიდან უკვე გაუქმებული იყო. ზაზაძის თქმით, ამის გამო დაჯარიმდნენ ისინი.