ჭიათურაში კერძო მეწარმეები გაფიცული მაღაროელების მიერ გზის პიკეტირებას აპროტესტებენ (ფოტო ,ვიდეო)
ჭიათურაში კერძო მეწარმეები გაფიცული მაღაროელების მიერ გზის პიკეტირებას აპროტესტებენ. უკვე ერთი კვირაა, “ჯორჯიან მანგანეზის” დასაქმებულები ქალაქის შესასვლელში მანგანუმის მადნით დატვირთულ ავტომანქანებს არ ატარებენ და მათ გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. საშუამავლო კომპანია “მანგანუმ ლოჯისტიკის” დირექტორი, ნოდარ მიქაბერიძე აცხადებს, რომ მისი კომპანია, დაახლოებით, 1800 ადამიანს აერთიანებს. გაფიცული მაღაროელები მათ უკვე ერთი კვირაა, გადაზიდვის უფლებას უზღუდავენ, რის გამოც ქარხნებში ნედლეულის ჩატანას ვერ ახერხებენ, ასევე, ვერ ხერხდება კონტრაქტორ კომპანიებთან მანგანუმის მადნის ჩატანა.
“გაფიცვის შედეგად 1800-მდე ადამიანი რჩება უმუშევარი. გვიზღუდავენ გადაზიდვის უფლებას, ვერ ჩამოგვაქვს ნედლეული ქარხნებში და ვერ ვაწოდებთ კონტრაქტორებს. ამას გარდა, წარმოებები, რომლებიც მანგანუმის ნედლეულს მოიხმარენ, ზესტაფონში, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და სხვა ქარხნებში, ასევე გაჩერებულია. პირველივე დღეს, როდესაც გაფიცვა დაიწყო, ამ ხალხთან მივედით და ვკითხეთ, როდემდე შეიძლებოდა, ვყოფილიყავით გაჩერებული. გაფიცულებმა გვთხოვეს, რომ ოთხშაბათამდე გაგვეწია მათთვის ანგარიში, რაზეც დავთანხმდით. თუმცა დღეს უკვე 23 მაისია და არავის აქვს ზუსტი პასუხი, როდემდე უნდა ვიყოთ გაჩერებული და როდემდე უნდა იყოს 1800-მდე ადამიანი უმუშევრად”, – განაცხადა ნოდარ მიქაბერიძემ.
მეწარმეები ამბობენ, რომ აღნიშნული შეფერხება საწარმოებს უკან ხევს. ზუსტი პასუხი კი არავის აქვს, რატომ იზღუდება მათი შრომის უფლება და როდემდე გაგრძელდება ეს სიტუაცია.
აღსანიშნავია, რომ ჭიათურის შესასვლელში, სადაც პიკეტია მოწყობილი, სამართალდამცავებიც იმყოფებიან.