უცხოელი სპეციალისტები აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს ეცნობიან

ავსტრალიელი და ახალი ზელანდიელი სპეციალისტები აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საქართველოს წარმატებულ გამოცდილებას დასავლეთ საქართველოში ეცნობიან.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უცხოელი სპეციალისტები აბაშის მუნიციპალიტეტში, მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრს სტუმრობდნენ, სადაც ცენტრის მუშაობასა და მიმდინარე ღონისძიებებს გაეცნენ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ზურაბ ლიპარტიამ და მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ლაშა შალამბერიძემ, თანამშრომლებთან ერთად, სპეციალისტებს ღონისძიებების მიმდინარეობა და ფაროსანასთან ბრძოლის სხვადასხვა მეთოდი გააცნეს და სპეციალური ტექნიკა დაათვალიერებინეს.
უცხოელი სპეციალისტები განსაკუთრებით ცენტრის სტრატეგიითა და სტრუქტურით დაინტერესდნენ.
„ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რაც აქ ვნახეთ. ეს ნამდვილად არის ის მეთოდი, რაც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში. გვქონდა შესაძლებლობა, გვენახა, როგორ ებრძვით მავნებელს საქართველოში. თქვენ გაქვთ მწერთან ბრძოლის კარგი მიდგომები და მეთოდები როგორც დასახლებულ პუნქტებში, ასევე – ტყის პერიმეტრებზე. ვიმედოვნებთ, თქვენი გამოცდილებიდან საკმაო ცოდნას მივიღებთ და დავნერგავთ ახალ ზელანდიაში, რაც თავიდან აგვარიდებს იმ სირთულეებს, რასაც დღეს ვაწყდებით”, – აღნიშნა ახალი ზელანდიის ბიოუსაფრთხოების რეაგირების სამსახურის მენეჯერმა, ქეთრინ დათიმ.
უცხოელი სპეციალისტები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ე.წ. საზღვრისპირა სოფელ ორსანტიაშიც იმყოფებოდნენ, სადაც „მოიზიდე და გაანადგურე” სადგურების მექანიკურ მეთოდებს გაეცნენ.
უცხოელმა სტუმრებმა სოფელ ორსანტიაში საქართველოს მეთხილეთა ასოციაციის წევრი ფერმერიც მოინახულეს, რომელსაც სახელმწიფომ შესაწამლი აპარატი უსასყიდლოდ გადასცა.
​დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ავსტრალიელი და ახალი ზელანდიელი სპეციალისტები ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ფერმერებსა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები