დავით ზალკალიანმა და ბოგდან აურესკუმ ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

    საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა და რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიულ საკითხებში სახელმწიფო მდივანმა ბოგდან აურესკუმ საქართველოსა და რუმინეთს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებზე ისაუბრეს. როგორც დავით ზალკალიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, განსაკუთრებული ხაზი გაესვა საბორნე მიმოსვლის აღდგენის, ასევე შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის სატვირთო სატრანსპორტო დერეფნის ამოქმედებისა და პროექტის AGRI განხორციელების მნიშვნელობას. “კონსულტაციების დროს ჩვენ განვიხილეთ საქართველო-რუმინეთის ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები. ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებში გვაქვს ძალიან ინტენსიური ურთიერთობა და სერიოზული პროგრესი. განვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ხორცილედება კასპიის და შავი ზღვის დამაკავშირებელ პროექტებთან მიმართებაში. საუბარი იყო ასევე ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებაზე და რაც მთავარია იმ მთავარ გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს აქვს 2014 წელს”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები