წყალტუბოში სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის IV ფორუმი გაიხსნა

წყალტუბოში სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის IV ფორუმი გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში ფორუმის მონაწილეები: საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, სახელმწიფო რწმუნებულები, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ხელმძღვანელი პირები, მერიების და საკრებულოების წარმომადგენლები დეცენტრალიზაციის რეფორმის მიმდინარეობაზე, არსებულ გამოწვევებსა და რეგიონებში ეკონომიკური აქტივობების გაზრდის საკითხებზე მოხსენებს გაეცნენ და დისკუსიები გამართეს.
სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის IV ფორუმი საქართველოს პრეზიდენტის – სალომე ზურაბიშვილის, პრემიერმინისტრის – მამუკა ბახტაძის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის – ზაზა გაბუნიასა და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის სამსახურის ხელმძღვანლის – სოზარ სუბარის მისასალმებელი სიტყვებით გაიხსნა.
„ინსტიტუციური დიალოგის ფორუმი არის პლატფორმა, სადაც ცენტრალური ხელისუფლება და მუნიციპალიტეტები აწარმოებენ დიალოგს ჩვენი ქვეყნის რეგიონების განვითარების უმნიშვნელოვანეს საკითხებზე და ამ მიზნით, შესაბამისი პოლიტიკის ფორმირებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ მეოთხე ფორუმის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი მიმართავენ. აქვე აღსანიშნავია, რომ დღევანდელ შეხვედრას ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებიან ანუ დიალოგი გაიმართება სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებასა და კერძო სექტორს შორის რეგიონების ეკონომიკური განვითარების და მუნიციპალიტეტების ფინანსური გაძლიერების საკითხებზე”, – განაცხადა ფორუმის გამართვის ინიციატორმა, კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ.
„საქართველოს რეგიონებში დევს ჩვენი მომავალი, რეგიონებში დევს, ასევე, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის გადაწყვეტა. ჩვენი მშვიდობიანი გზა გადის სწორედ რეგიონების განვითარებაზე. სწორედ ეს არის ასეთი ფორმატის კონფერენციების მიზანი, რომ ჩვენ ჩამოვაყალიბოთ ის პოლიტიკა, რომელიც საშუალო და გრძელ ვადაზე მიგვიყვანს რეგიონების სრულ განვითარებამდე”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფორუმის გახსნისას.
მისივე განცხადებით, რეგიონების ეკონომიკური გაძლიერება პირდაპირ კავშირშია ემიგრაციის საკითხებთან, რადგან რეგიონების დონეზე სამუშაო ადგილების არქონა ახალგაზრდებს საზღვარგარეთ სამუშაოდ გამგზავრებისკენ უბიძგებს. პრეზიდენტის მოსაზრებით, რეგიონების ეკონომიკური კეთილდღეობა ხელს შეუწყობს მათი ტურისტული პოტენციალის გაზრდასა და გარემოს დაცვითი საკითხების გადაწყვეტას.
„ძლიერი რეგიონები ნიშნავს ძლიერ საქართველოს – ეს არის ის პრინციპი, რომლითაც ყოველთვის ვხელმძღვანელობ. აქედან გამომდინარე, თვითმმართველობის პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკური სისტემის გარეშე ვერ წარმომიდგენია ჩვენი სამშობლოს მდგრადი განვითარება. ვერ წარმომიდგენია, რომ ჩვენ შევძლებთ იმ გამოწვევების დამარცხებას, რომლებიც საქართველოს წინაშე არსებობს. ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლავთ სწორედ თვითმმართველობების გაძლიერება, ძლიერი რეგიონები, ინკლუზიური ზრდა, რომელიც, საბოლოოდ, საშუალებას მოგვცემს, რომ ავაშენოთ წარმატებული ქვეყანა”, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
ფორუმის გახსნითი ნაწილის შემდეგ რეგიონების ეკონომიკური განვითარების საკითხებზე დისკუსია გაიმართა. პარლამენტის წევრმა – ცოტნე ზურაბიანმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა – თორნიკე რიჟვაძემ, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა – ზვიად შალამბერიძემ, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა – გიორგი ხოჯევანიშვილმა, ყვარლის, მარტვილისა და ამბროლაურის მერებმა მოსაზრებები წარმოადგინეს და აღნიშნულ საკითხებზე ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები