ლადო კახაძე: იმედი მაქვს, რომ მეორე ტურისთვის ჩვენ უფრო ორგანიზებულად დავირაზმებით

„პირველ ყოვლისა, ჩემს მთაწმინდელებს დიდ მადლობას მოგახსენებთ მხარდაჭერისათვის, შეწუხებისა და საარჩევნო ურნასთან პოზიციის დაფიქსირებისთვის“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ლადო კახაძემ მთაწმინდის საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ლადო კახაძე იმედს გამოთქვამს, რომ მთაწმინდის მოსახლეობა უფრო გააქტიურდება და მას მხარს დაუჭერს.
„სწორედ თქვენი დამსახურებაა, ჩემო ძვირფასებო, არსებული კონკურენციის პირობებში თქვენმა რჩეულმა კანდიდატმა საუკეთესო შედეგი აჩვენა, მაგრამ ვიცით, რომ ეს შუალედური არჩევნებია და აქტიურობა შედარებით ნაკლებია.
იმედი მაქვს, რომ მეორე ტურისთვის ჩვენ უფრო ორგანიზებულად დავირაზმებით და შედეგი იქნება გაორმაგებული, იქნება სასურველი შედეგი იმისთვის, რომ თქვენი წარმომადგენელი იგულოთ პარლამენტში. მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ერთადერთი ძალაა, რომელიც არსებული გამოწვევების პირობებში რეალურად ხედავს გამოსავლის გზებს და სტაბილურობის შენარჩუნების გზაზე, იმ ეკონომიკური პროექტების განვითარების გზაზე ცდილობს მდგომარეობიდან გამოსავლის საუკეთესო ვარიანტის ძიებასა და არა მარტო შეთავაზებას, არამედ მასში აქტიურად ჩართვასა და ამ პრობლემების მოგვარებას. მე, როგორც მთაწმინდის თქვენს მაჟორიტარ დეპუტატს, ამ ძალის წარმომადგენელს მაქვს შეთავაზებები, რომლებიც უცვლელია – ეს არის ძველი, ავარიული სახლების გამაგრება, რეაბილიტაცია, ეს არის ისტორიული კუთვნილების ობიექტების გაკეთილშობილება, მასში მოსახლის უსაფრთხოების დაცვის პრინციპიდან გამომდინარე მისი რეალიზაცია, სწორი ორიენტაცია და ამ კუთხით მისი, როგორც საკუთრების გაზრდა თითოეული მოსახლისათვის, ასევე – იმ ტურისტულ პოტენციალში სწორად მოაზრება, რომელიც ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა“, – აღნიშნა ლადო კახაძემ.
ამასთან, ლადო კახაძემ განმარტა, რომ, გამარჯვების შემთხვევაში ,პარლამენტში მთაწმინდელების პრობლემების საკითხზე აქტიურად იმუშავებს.
„ვიცით, რომ გაჭირვებაა, სოციალური გამოწვევებია, ვიცით დასაქმების პრობლემები, რომელიც ქვეყანასაც ისევე აწუხებს, როგორც – ჩვენს მთაწმინდელებს და, პარლამენტში ჩემი მოხვედრის პირობებში, გააქტიურდება მუშაობა ამ კუთხით, ამ ეკონომიური პროექტების აქტიური მხარდაჭერა თქვენთან ერთად თქვენ მიერ დელეგირებული უფლებებით იქნება განხორციელებული ზუსტად იმ პოზიციიდან გამომდინარე, რომ ჩვენ უნდა ვაშენოთ, შევქმნათ ახალი კონსტრუქციები, ახალი ურთიერთობები, რომლებიც ჩვენი სისხლისა და ხორცის, ჩვენი აფხაზეთისა და ჩვენი ძმების ოსების ჩვენთან გაერთიანების სურვილს გააათმაგებს.
დასახულია ბევრი პროექტი, რომელიც ეხება მთაწმინდის რაიონში ცალკეული ქუჩების და კონკრეტული ქუჩების რეაბილიტაციას, რომელიც გაზრდის ტურისტულ არეალსა და პოტენციალს. მოგეხსენებათ, რომ სრულდება შესანიშნავი პროექტი, საჩვენებელი შესანიშნავი პროექტი ორბელიანის მოედანზე, რომელიც არის ნათელი მაგალითი, როგორ მოვუაროთ წარსულს, როგორ შევქმნათ მისგან ის პროდუქტი, რომელიც ღირსეულად მოემსახურება მის მომავალს და ერთი-ორად გაზრდის სურვილს ქალაქის დათვალიერებისა იმ ტურისტებისათვის, რომელიც ჩვენთან კიდევ მეტად გაიზრდება“, – განაცხადა ლადო კახაძემ.
მთაწმინდის საარჩევნო ოლქის პარტია „ქართული ოცნების კანდიდატმა დღევანდელ ბრიფინგზე თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრაც გაიხსენა.
„საქმიანი შეხვედრა მქონდა თბილისის მერთან. ხშირად ხდება ასეთი შეხვედრები და ჩემს მთაწმინდელებს სასიხარულო ამბავი მინდა, გითხრათ, რომ მთაწმინდის რაიონში სამი ქუჩა დგება სრული რეაბილიტაციის გრაფიკში, – ეს არის ასათიანის ქუჩა, სულხან-საბას ქუჩა და ეს არის ინგოროყვას ქუჩა, რომელიც აქ მოსახლე ადამიანების უსაფრთხოების პრინციპიდან გამომდინარე, ასევე, მათი ქონებრივი პოტენციალის გაზრდას მოემსახურება და, რაც მთავარია, მოემსახურება ქალაქის ურბანული პრინციპების განვითარების ხარჯზე ტურისტული არეალების გაზრდას. მინდა გითხრათ, რომ გამოწვევები ძალიან ბევრია, საინტერესო გამოწვევებია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – ქვეყნის გარეთ და ჩვენი ღირსეული თანადგომა კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ თქვენ ნათელი მომავლისა და ხვალინდელი დღის რწმენით ხართ გაერთიანებულნი, მხარი დაუჭიროთ ამ ძალის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს.
ჩემო ძვირფასო მთაწმინდელებო, მინდა, მადლობის მერე კიდევ ერთხელ შემოგთავაზოთ ბრძოლის ველზე გამოსვლა – ბრძოლისა, რომელიც წასაგებად არ არის, მოსაგებადაა და ეს მოგება სრულიად საქართველოს მკვიდრთ და მათი ღირსეული დედაქალაქისა და დედაქალაქში გამორჩეული – მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას საამაყოდ გექნებათ. მოგიწოდებთ აქტიურობისა და თანადგომისაკენ, რამეთუ დასახული მიზანი რეალური გავხადოთ“, – აღნიშნა ლადო კახაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები