კახა კალაძე: ვისურვებდი, რომ ყველა მინისტრი რეიტინგებში ჩემზე მაღლა იყოს გაკეთებული საქმეებით

თბილისის მერს კითხვა დაუსვეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს კვლევაზე, შეუქმნის თუ არა პრობლემას თანაგუნდელებში, რომ პოლიტიკოსებისადმი დადებითი დამოკიდებულების რეიტინგში 40-პროცენტიანი შედეგი აქვს. მისი თქმით, ის, რომ თვითონ ლიდერობს აღნიშნულ კვლევაში, არ ნიშნავს იმას, რომ ინსტიტუტი ნდობას იმსახურებს.
„პრობლემას რატომ შემიქმნის. სპორტიდან მოვდივარ და ერთი რამ ვიცი და მჯერა – როგორც სპორტშია, იგივეა პოლიტიკაში – თუ არ არსებობს ძლიერი და პროფესიონალი ადამიანებისგან დაკომპლექტებული გუნდი, შეუძლებელია, ორმა-სამმა ადამიანმა განახორციელოს და უპასუხოს პრობლემებს ან მოიგოს თამაშები. რაც უფრო მეტი წარმატებული ადამიანი იქნება, მით უფრო უკეთესია „ქართული ოცნებისთვის“, ჩვენი გუნდისთვის. ვისურვებდი, რომ ყველა მინისტრი რეიტინგებში ჩემზე მაღლა იყოს გაკეთებული საქმეებით. ეს ჩემთვის და გუნდისთვის იქნება დადებითი, პირველ ყოვლისა, ქვეყნისთვის. თუ გინდათ, რომ მათქმევინოთ, ჩემს ნაწილში ვენდობი თუ არა კვლევას, რა კაია და ტაში დავუკრა, ასე არ არის.
2012 წლიდან მოყოლებული ყოველთვის ხდებოდა ხოლმე მანიპულირება. ძალიან ხშირი იყო შემთხვევები, მონაცემები ყოველთვის აცდენილი იყო რეალურ შედეგს. ამიტომ მაქვს საფუძველი, პოლიტიკურ ნაწილში ენდიაი-ს კვლევას არ ვენდო. რაც შეეხება სოციალურ მიმართულებას – ბევრი რამე გასათვალისწინებელია. ყველაზე მთავარი გამოწვევა, რაც დღეს გაქვს, არის არსებული ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება – იმ ყოფისა, რაც დღეს არსებობს. ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, სამუშაო ადგილების შექმნა – ეს არის ის მთავარი მიმართულებები, რომლებსაც ყველამ ერთად ღირსეულად უნდა ვუპასუხოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ, NDI-სა და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველოს” მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსებისადმი დადებითი დამოკიდებულების რეიტინგში პირველ და მეორე ადგილზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო და თბილისის მერი, კახა კალაძე არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები